ახალი ამბები

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 7-8 ოქტომბერს გაიმართება

6 ოქტომბერი, 2014 • • 1210
ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 7-8 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს.

 

როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, – “ქართული მხარე  მოლაპარაკებებზე გაამახვილებს ყურადღებას ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე. საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მკაცრ პროტესტს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევების გამო.”

 

მოლაპარაკებების ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს დელეგაცია კვლავ დააყენებს საკითხს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობის თაობაზე, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამუშავების საკითხს.

 

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები.


უკვე ცნობილია ერთ-ერთი საკითხი, რომლის დაყენებასაც ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე აფხაზეთის მხარე გეგმავს – აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევაში აფხაზეთს აფხაზეთის მოქალაქეების დისკრიმინაციის საკითხზე სურს საუბარი. 


მასალების გადაბეჭდვის წესი