„ჩვენი ხელისუფლება მოსვლის დღიდან ვაჩვენებდით და ვაჩვენებთ კიდევაც ჩვენს კეთილ სურვილს და მზაობას, რომ გვსურს რეალურად შერიგების პროცესის დაწყება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. ის, რაც მოხდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, არის ჩვენი ერის ტრაგედია და მათთვისაც, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, ქრთველებისთვის, ყველასთვის. მიმაჩნია, რომ ეს არ არის გონივრული გადაწყვეტილება და აუარესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას ადგილზე. ჩვენ ვართ მაქსიმალურად გახსნილი, რომ შერიგების პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს და აღდგეს ნდობა აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის. შემთხვევითი არ არის ის, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარედ ჩვენ ვაშენებთ მულტიფუნქციურ სავადმყოფოს და ჩვენს აფხაზ ძმებს შეეძლებათ უფასოდ იმკურნალონ ამ საავადმყოფოში. საავადმყოფო დასრულდება მაქსიმუმ 2 წელიწადში. იქ ვაშენებთ ასევე მრავალპროფილიან სავაჭრო კომპლექსს, რათა გავუადვილოთ მიმოსვლა და აღდგეს კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები, ხალხთა შორის ურთიერთობები და ნდობა აღდგეს. ჩვენ ასე ვპასუხობთ მათ ინიციატივას, ვპასუხობთ კიდევ უფრო მეტი სიყვარულით და სითბოთი. მაგრამ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები არ დაეხმარება ჩვენი შერიგების პროცესს, კიდევ უფრო აუარესებს და ართულებს მას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
3 ოქტომბერს აფხაზეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის სახალხო ერთობის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ “საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გამაგრება მნიშვნელოვანია.” იგი ამბობს, რომ გეგმავს შეამციროს საკონტროლო-გამშვები პუნქტები და დატოვოს მხოლოდ ერთი.
“საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარი მდინარე ენგურზე უნდა გამაგრდეს, სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზნით ყველა დანარჩენი პუნქტი უნდა დაიხუროს და მხოლოდ ერთი დარჩეს,”- განაცხადა ხაჯიმბამ.
2013 წელს გალის რაიონში მთავარი გამშვები პუნქტის პარალელურად დამატებითი ხუთი პუნქტი გაიხსნა – მათ შორის ერთი საავტომობილო.





