ახალი ამბები

რამიშვილმა სექსუალური შევიწროების საქმე უზენაესში არ გაასაჩივრა – სამხარაძე

8 აპრილი, 2019 • 1741
რამიშვილმა სექსუალური შევიწროების საქმე უზენაესში არ გაასაჩივრა – სამხარაძე

თათია სამხარაძის ინფორმაციით, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდა.

როგორც სამხარაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა დღეს ამოიწურა.

“სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს მორალური კომპენსაციის ჩემს სასარგებლოდ გადახდა დააკისრა. დღეს მინდა ხმამაღლა და ბოლო აკორდად ისევ გავიმეორო, ქალის სხეული და სექსუალობა მხოლოდ ქალსვე ეკუთვნის და ძალისმიერი მეთოდებით არ მოიპოვება. ამ საქმის ყველა ეტაპზე, დიდი მადლობა ჩემს ადვოკატებს და ადამიანებს, რომლებმაც თუნდაც ერთი სიტყვით მაინც სცადეს ჩემი მხარდაჭერა. თუ ჩემი გზა ვინმე ქალს მომავალში ბრძოლას გაუადვილებს, ვიამაყებ, რომ ცხოვრებაში ერთი საზოგადოდ დიდი და კარგი საქმე გამიკეთებია”, – წერს თათია სამხარაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე.

შალვა რამიშვილს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს.

“არ მინდა კომენტარის გაკეთება. დავივიწყე ეს საქმე”, – უთხრა რამიშვილმა “ნეტგაზეთს”.

თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგოგასული წლის დეკემბერში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, რომელმაც შალვა რამიშვილს თათია სამხარაძის მიმართ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 

ამავე თემაზე:

თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს დავა სააპელაციოშიც მოუგო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი