ახალი ამბები

პოლიციელის მიერ მოკლულის ახლობლებს პოლიციის ვერსიის არ სჯერათ

4 ოქტომბერი, 2014 •
პოლიციელის მიერ მოკლულის ახლობლებს პოლიციის ვერსიის არ სჯერათ

 „ნეტგაზეთთან“ საუბარში ისინი იდენტიფიკაციას არ ახდენენ [ამბობენ, რომ პოლიციის ეშინიათ], თუმცა დეტალურად ჰყვებიან მირზა ბუჩუაძის შესახებ.

 

„ხალხი  ათას რაღაცას ამბობს ახლა, არადა, არ იყო მირზა ეჭვმიტანილი და არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. 21 წლის იყო და ძმაკაცის მანქანით დაკატაობდა  უბრალოდ უბანში. ჩვენი ძმაკაცი იყო, არ სწავლობდა , თურქეთში იყო გადასული სამუშაოდ და გუშინწინ ჩამოვიდა.  თვითონ საკუთარი მანქანა არ ყავდა. ლაპარაკობენ, პოლიციელს ეჯახებოდაო, და როგორ დაეჯახებოდა პოლიციელს “ზადნით”? პოლიცია ელოდებოდა, აქ უბანში იდგნენ, განაწილებულები იყვნენ და უცდიდნენ, გასაქცევი არ ქონდა იმ მხარეს, სადაც  შეუხვია, შეუხვია თუ არა, ესროლეს ეგრევე თავში ორი ტყვია. არ გააჩერა, ალბათ, იმის გამო, რომ მართვის მოწმობა არ ქონდა, თორემ  ეჭვმიტანილი რომ ყოფილიყო, აქ არ მოვიდოდა,“ – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

 

საღორიის უბანში, სადაც მირზა ცხოვრობდა, გუშინ მაღაზია გაქურდეს. პოლიციის ვერსიით, სამართალდამცავები სწორედ მარკეტის ქურდის დასაჭერად პატრულირებდნენ. გარდაცვლილის მეგობრებს არ სჯერათ პოლიციის ვერსიის და ასახელებენ არგუმენტებს, თუ რატომ ვერ გაქურდავდა მირზა ბუჩუაძე მარკეტს.

 

„მაღაზიას ვერ გაქურდავდა ეგ. საიდანაც მარკეტში შევიდნენ, ძალიან პატარა ფანჯარაა და იქ მირზა ვერ გაეტეოდა, შანსი არაა. შევსებული ბიჭი იყო და იმ ფანჯარაში ვერ გადავიდოდა. მარკეტიდან სიგარეტები და შოკოლადები წაიღეს, ალბათ პატარა ბავშვი თუ გაეტეოდა იქ,“ – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.


მაღაზიის სარკმელი
მაღაზიის სარკმელი

 

მირზა ბუჩუაძის ახლობლები „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობენ, რომ მირზა ნასამართლევი იყო.

 

„ნასამართლევი  იყო. რომ გამოვიდა ციხიდან, მერე გავიცანით ჩვენ. ქუთაისში არ ცხოვრობს, არ აქვს აქ სახლი, თბილისში ყავს მამა.  დედა და და ქუთაისში ცხოვრობენ. თბილი ადამიანი იყო, ყველას მდგომარეობაში  შედიოდა. აქ ძმაკაცის სახლში დაასვენეს ახლა.

 

კამერები იყო მარკეტის შენობაზე დამაგრებული,  დამალეს ყველაფერი. პოლიცია მოვიდა და ხალხი გააფრთხილეს, არ თქვათ არაფერიო,“– ამბობს მირზა ბუჩუაძის მეგობარი კოტე.

 

საკუთარ სახელს და გვარს არც აღნიშნული მარკეტის გამყიდველი ასახელებს. მისი თქმით, მარკეტის მენეჯერი უცხოეთშია, თვითონ კი არ არის უფლებამოსილი კამერების შესახებ ინფორმაცია გასცეს.

 

„გუშინ, გამთენიის ხანს გატეხეს მაღაზია. სიგნალიზაციაზეა ეს მარკეტი და ხმაური რომ ატყდა, მოვედით. პატრულიც მოვიდა და მინა გატეხილი იყო, მარტო ეს ვიცით, სხვა დანარჩენზე წარმოდგენა არ გვაქვს. გადაიღეთ თუ გინდათ ფანჯარა, მაგრამ ახლა ჩავსვით უკვე ახალი,“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ მარკეტის გამყიდველმა ქალმა.

 

3 ოქტომბერს ქუთაისში, საღორიის უბანში პოლიციელმა 22 წლის მირზა ბუჩუაძეს ესროლა. თავის არეში დაჭრილი მირზა ბუჩუაძე ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიერ  გავრცელებული ინფორმაციით,  „შსს -ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გაისროლეს, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი