“ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველებმა ცივილიზაციას შემოუნახეს საუცხოო ღვინის დაყენების უნიკალური, ათასწლოვანი ტექნოლოგია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ავაშენოთ ღვინის მუზეუმი – ერთგვარი ცენტრი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ქართული ღვინის მთელი ისტორია. მუზეუმის შექმნა მიმდინარეობს გეგმის მიხედვით – მუზეუმის განვითარების ფონდი მზად არის სარეგისტრაციოდ, უკვე შექმნილია სამეთვალყურეო საბჭო. გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მსოფლიოში ცნობილ სპეციალისტებთან და არქიტექტორებთან. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ექნება ისეთი მუზეუმი, რომელსაც არ მოაკლდება არც ქართველი და არც უცხოელი მნახველი,”- განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს, 4 ოქტომბერს კახეთის რეგიონში, სადაც ღვინის ეროვნული დღე აღინიშნებოდა.
ღარიბაშვილის თქმით, “ქართული ტრადიციული წესით ქვევრში დაყენებული ღვინო ანცვიფრებს მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს და სულ უფრო პოპულარული ხდება ღვინის მოყვარულთა შორის. შემთხვევითი არ არის, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ეს მიუთითებს ამ მეთოდის უნიკალურობაზე და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.”
ეს აღიარება, როგორც პრემიერი ამბობს, მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციისათვის და ხელს უწყობს ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას.
“ჩვენ სწორედ ახლა გვეძლევა საშუალება ახლებურად წარმოვაჩინოთ და საკადრისი ადგილი დავუმკვიდროთ ქართულ ღვინოს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით, და მჯერა, იგი მსოფლიოში ყველაზე აღიარებულ ღვინოებსაც კი გაუწევს კონკურენციას და მსოფლიო ღვინის ბაზარზე ერთ-ერთ საპატიო ადგილს დაიკავებს. ჩვენი ღვინო ჩვენი ქვეყნის საიმიჯო პროდუქტი გახდება და თითოეული ქართველი იამაყებს ამით.”
მისივე თქმით, მთავრობის ინიციატივით, დაწესდა ღვინის ეროვნული დღე, რომელსაც დღეს პირველად აღინიშნა.
“იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს დღე ტრადიციად დამკვიდრდება და ნამდვილ ეროვნულ დღესასწაულად იქცევა. ამ დღის დაწესება გადაგვაწყვეტინა ღვინის კულტურის უძველესმა და უნიკალურმა ისტორიამ. ქართველი კაცისთვის, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ვაზი და ღვინო ქართველობის იდენტობის ტოლფასია. ქართული მეღვინეობის ისტორია ქართველი ხალხის ისტორიასთან არის გადაჯაჭვული. უკვე ათეული წლებია ყველასათვის ცნობილია, რომ სწორედ საქართველოშია კულტურული მევენახეობის უძველესი ნაკვალევი.”





