“მე ძალიან ვწუხვარ და ეს არის ძალიან ცუდი შემთხვევა, მე მინდა მივუსამძიმრო იმ ოჯახს, რომელიც ასე ძალიან დაზარალდა. გუშინ მყისიერი რეაგირება მოახდინა პროკურატურამ და თვითონ სამინისტრომ და პროკურატურამ მოახდინა რეაგირება ერთობლივად. როგორც იცით, პოლიციელი დაკავებულია და ჩვეულებრივად კანონის შესაბამისად აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ქუთაისში, საღორიას ტერიტორიაზე პოლიციელმა ახალგაზრდა ბიჭს თავში ესროლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით. გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით აწარმოებს, რაც გულისხმობს უფლებამოსილების გადამეტებას იარაღის გამოყენებით.
“ერთ-ერთ დანაშაულზე ეჭვმიტანილი პირის დევნა ხორციელდებოდა, რა დროსაც იგი არ დაემორჩილა პოლიციას და ამის შემდეგ პოლიციამ განახორციელა გასროლა. თუ გამოიკვეთა ბრალეულობა, კანონის შესაბამისად დაისჯება”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შსს-ს ცნობით, პოლიციელი, რომელმაც ისროლა, ქუთაისის საოლქო პროკურატურაში არის გადაყვანილი და მას შეჩერებული აქვს უფლებამოსილება.
მოქალაქე, რომელსაც პოლიციელმა ესროლა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა





