“ის ორი თუ სამი პროვოკაცია, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე. ეს არის ხელოვნურად დადგმული პროვოკაციები, სახელმწიფო ყოველთვის იქნება უკომპრომისო ასეთ პროვოკაციებთან დაკავშირებით. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენს მოქალაქეებს შორის მოხდეს რაიმე სახის შუღლი და კონფლიქტი, მით უმეტეს, რელიგიურ ნიადაგზე”,- განაცხადა ღარიბაშვილმა ჯუმა მეჩეთში სტუმრობისას.
10 სექტემბერს ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა, რომლებიც თავს მართლმადიდებლურ მრევლს მიაკუთვნებენ, დასახლებაში მუსლიმური მედრესეს, იგივე სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში მომხდარ ინციდენტს პროვოკაცია უწოდა:
“პრინციპულად ვგმობ იმ პროვოკაციას, რომელიც გუშინ ქობულეთში მოხდა – ეს არის რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობა, რომელსაც სახელმწიფო არ დაუშვებს და ყოველთვის წინ აღუდგება. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია, მიუღებელია ყველასთვის და მათ შორის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. [..] ეს პროვოკაცია, ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის სურათი საქართველოში, მათ, ვისაც სურს, გააღვივოს რელიგიური დაპირისპირება ჩვენს მოსახლეობაში”.





