“საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა უზრუნველყონ შემთხვევის სწრაფი ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იქნება გამოძიების მონიტორინგის პროცესში. ამასთან, ამ საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უახლოეს დღეებში საზოგადოებას მიაწოდებს სრულ ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი აპარატის განცხადების თანახმად, მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის აუცილებლობას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მიუკერძოებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობას ქვეყანაში.
გუშინ, 3 ოქტომბერს, ქუთაისში, საღორიას ტერიტორიაზე პოლიციელმა ახალგაზრდა ბიჭს თავში ესროლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით. გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით აწარმოებს, რაც გულისხმობს უფლებამოსილების გადამეტებას იარაღის გამოყენებით.
“ერთ-ერთ დანაშაულზე ეჭვმიტანილი პირის დევნა ხორციელდებოდა, რა დროსაც იგი არ დაემორჩილა პოლიციას და ამის შემდეგ პოლიციამ განახორციელა გასროლა. თუ გამოიკვეთა ბრალეულობა, კანონის შესაბამისად დაისჯება”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შსს-ს ცნობით, პოლიციელი, რომელმაც ისროლა, ქუთაისის საოლქო პროკურატურაში არის გადაყვანილი და მას შეჩერებული აქვს უფლებამოსილება.
მოქალაქე, რომელსაც პოლიციელმა ესროლა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა