დღეს, ქუთაისში პოლიციასა და მირზა ბუჩუაძეს შორის მომხდარ შემთხვევაზე, რასაც მოჰყვა მ. ბუჩუაძის გარდაცვალება, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
ამ ეტაპზე საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია შემთხვევაში მონაწილე პოლიციელი, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.
ასევე, მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. კერძოდ, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მ. ბუჩუაძის სიკვდილის მიზეზის გასასაზღვრად და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად უფრო დაწვრილებით ინფორმაციას პროკურატურა უახლოეს დღეებში გაავრცელებს.





