ნათესავებს დაჭრილი მირზა ბ-ს ნახვა სურდათ, თუმცა მათ სააავადმყოფოში შევლა ვერ შეძლეს. შსს-ს განმარტებით, მირზა ბ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში განგვიცხადეს, რომ მირზა ბ-ს ქალა-ტვინის დაზიანება ჰქონდა.
პოლიციის განცხადებით, შსს-ს თანამშრომლები ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ. მირზა ბ. არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა.
შსს აცხადებს, რომ ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით ისროლა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით.
შსს-ს ცნობით, ამ დროისათვის პოლიციელი საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება შეუჩერდა.





