წუხელ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში დაუდგენელმა პირებმა ბიბლიოთეკა გაანადგურეს.
გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, განადგურებულია წიგნები, დამტვრეულია ტექნიკა და ინვენტარი. მისი განცხადებით, იყო ხანძრის გაჩენის მცდელობაც, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დროულად მოახერხა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება სისლხის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება 9-დან 12 წლამდე პატიმრობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.