ახალი ამბები

GNCC “კავკასუს ონლაინში” გამოძიებაზე: ინტერნეტ–სივრცეში დაუშვებელია პორნოგრაფიის განთავსება

3 ოქტომბერი, 2014 • • 1153
GNCC “კავკასუს ონლაინში” გამოძიებაზე: ინტერნეტ–სივრცეში დაუშვებელია პორნოგრაფიის განთავსება

რეგლამენტის მიხედვით, ინტერნეტპროვაიდერი ვალდებულია შეიმუშავოს ისეთი მექანიზმი, რომელიც  შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს, ან განაკავშიროს მომსახურება, თუ გამოვლინდა, რომ ვებსივრცეში განთავსებულია დაუშვებელი პროდუქცია.

 

“ამავე დროს, ინტერნეტ-დომენის გამცემი (შპს „კავკასუს ონლაინი“) ვალდებულია პერიოდულად ამოწმოს მის მიერ რეგისტრირებული ინტერნეტ-გვერდის შინაარსი, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტ სივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსება,”– ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განმარტებაში.

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კომისიის რეგლამენტის დარღვევა სანქციების დაკისრების საფუძველია.

 

ასევე, საქართველოს რატიფიცირებული აქვს „ბავშვის უფლებების კონვენციის“ დამატებითი ოქმი „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“, რომლის გათვალისწინებით, პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255–ე მუხლის შესაბამისად დასჯადი ქმედებაა.

 

“კავკასუს–ონლაინში” არ აკონკრეტებენ, თუ რა ტიპის მასალების ატვირთვას უკავშირდება სამართალდამცავი ორგანოების კომპანიაში შესვლა.

“კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას ხელშეკრულება არეგულირებს, რომლის თანახმად კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე (სერვერზე განთავსენული ინფორმაცია), რაც დევს სერვერზე,”- წერია “კავკასუს ონლაინის” განცხადებაში, რომელიც მან დღეს, 3 ოქტომბერს გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი