შემოსავლების სამსახურმა აქციზური მარკები განზრახ არ მოგვცა – “ომეგა ჯგუფი”

“ომეგა ჯგუფის” მფლობელობაში მყოფი სიგარეტების ქარხანა ისევ გაჩერებულია. კომპანიის გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის თქმით, კომპანიას არ აძლევენ აქციზურ მარკებს, იმის მიუხედავად, რომ ოქტომბრის თვის მიმდინარე გადასახადი სრულად დაფარეს.

“12 ნოემბერს “ოჯითიმ” შემოსავლების სამსახურში განათავსა შეკვეთა, რომლითაც მოითხოვა უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკები. ეს შეკვეთა შემოსავლების სამსახურმა იმავე დღეს დაადასტურა. მომდევნო დღეების განმავლობაში ინტენსიურად ვუკავშირდებოდით როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიხეილ დუნდუას, ასევე შემოსავლების სამსახურს.  მათგან ვითხოვდით, დროულად მოგვეცემოდა ინვოისი, რათა გვქონოდა საშუალება ჩვენს მიერ შეკვეთილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადახდისა,” – აცხადებს ლევან აღდგომელაშვილი.

კომპანიის გენერალური მენეჯერის თქმით, შემოსავლების სამსახურის კონტრაქტორი კომპანია, რომელიც აქციზური მარკების გაცემაზეა პასუხისმგებელი, “ოჯითი-სთვის” მარკების მიწოდებას აგვიანებდა. როგორც აღდგომელაშვილი ამბობს, Security Solutin Georgia დამატებით დროს ითხოვდა, რათა აქციზის გაცემის საკითხი შემოსავლების სამსახურთან შეეთანხმებინა.

“შემოსავლების სამსახურს 12 ნოემბერსვე დადასტურებული ჰქონდა აქციზური მარკების შეკვეთა, შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია, რომელი ნორმატიული აქტის შესაბამისად უნდა დადასტურებულიყო ერთხელ უკვე დადასტურებული შეკვეთა. 27 ნოემბერს წერილობით მივმართეთ შემოსავლების სამსახურს და ვითხოვეთ განემარტათ, თუ რატომ არ გვეძლეოდა აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადასახდელი ინვოისი, იგივე შინაარსის წერილი გავუგზავნეთ მის კონტრაქტორ კომპანიასაც. 30 ნოემბერს Security Solution Georgia-სგან მივიღეთ ელექტრონული შეტყობინება, სადაც გვამცნობდნენ, რომ “ომეგა ჯგუფის” შეკვეთა, რომელიც დადასტურებული იყო, გაუქმდა,” – აცხადებს ლევან აღდგომელაშვილი.

“ომეგა ჯგუფის” წარმომადგენელი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურმა და მისმა კონტრაქტორმა კომპანიამ “ოჯითის” განზრახ არ მისცეს აქციზური მარკები. მისი თქმითვე, გუშინ, 3 დეკემბერს, კვლავ მიმართეს შემოსავლების სამსახურს აქციზური მარკების მოთხოვნით, თუმცა უწყება მათ მოთხოვნას არ ადასტურებს.

“ომეგა ჯგუფმა” 3 დეკემბერს წერილობით კიდევ ერთხელ მიმართა ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა, დაუყოვნებლივ იქნას აღმოფხვრილი კომპანიის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, “ომეგა ჯგუფი” იტოვებს თავის კანონიერ უფლებას, რომ მოითხოვოს კანონის დამრღვევ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ასევე ჩვენი კომპანიისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება,” – ამბობს აღდგომელაშვილი.

“ომეგა ჯგუფის” გენერალური მენეჯერის თქმით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, შესაძლოა, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდეს, რადგან 12 ნოემბერს უწყებამ კომპანიის შეკვეთა დაადასტურა. “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა კი რუსთავი 2-ს ინტერვიუ 21 ნოემბერს მისცა.

ოქუაშვილი “რუსთავი 2”-თან ამბობდა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გარკვეული დათმობების სანაცვლოდ უბიძგებდნენ, უარეყო მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე გავრცელებული ცნობები რეკეტთან და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით და ეთქვა, რომ ამ ცნობების გავრცელება გვარამია-სააკაშვილთან შეთანხმების ნაწილი იყო.

ნეტგაზეთი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსაც დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურში ამბობენ, საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.


თავდაპირველად, შემოდგომაზე, რუსთავი 2-მა გაავრცელა ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერები “ომეგას” საქმეზე შესაძლო რეკეტის შესახებ. ამ საქმეში, ოქუაშვილის მტკიცებით, ფიგურირებენ სხვადასხვა მაღალჩინოსნები, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული პირები. ოქუაშვილი აცხადებდა, რომ მმართველი გუნდის არაფორმალური ავტორიტეტები მას ფულს სძალავდნენ “ომეგას”  სრულფასოვნად მუშაობის სანაცვლოდ.

ბიძინა ივანიშვილმა მისი ბრალდება უარყო, ხოლო სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თქვა, რომ ჩანაწერები ოქუაშვილთან შეთანხმებით დადგა, რათა ამ უკანასკნელის უცხოელ პარტნიორებს შექმნოდათ შთაბეჭდილება, რომ ოქუაშვილზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა.

თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ოქუაშვილის თქმით, აღნიშნულმა პირებმა, ერთი შეხედვით, უკან დაიხიეს: “მიამიტურად [მეგონა] … რომ სახელმწიფომ დაანება თავი, ბოლოს და ბოლოს, ფეოდალიზმს, რეკეტს და კრიმინალს და დადგა სწორ გზაზე”.

“ომეგა ჯგუფის” თამბაქოს ქარხანამ პაუზის შემდეგ მუშაობა ოქტომბრის ბოლოს განაახლა. როგორც ოქუაშვილი ამბობს, ამასთან ერთად, “ოცნება” სხვა დათმობებზეც წავიდა, რამაც შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ “სწორ გზაზე” დადგნენ: 51-მილიონიანი ვალი 10 მილიონამდე შეუმცირდა, “ქართუ” ბანკისგან მიიღო 8 მილიონის სესხი, მოიგო მრავალწლიანი სასამართლო დავა უფილტრო სიგარეტთან დაკავშირებით, რაც მინიმუმ წლიურ 60-მილიონიან შემოსავალს ნიშნავს; ამას გარდა, ნიკა გვარამიას ცნობით, მას 50 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ (ეს ცნობა ოქუაშვილმა არ უარყო).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.