საქართველოს განვითარება რეგიონების და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დგას – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს სოფლის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელიც მიეძღვნა ამ სფეროში ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება სოფლის მეურნეობას, რომელიც უაღრესად საჭირო დარგია და ქვეყნის განვითარების საფუძველს წარმოადგენს.

“დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს განვითარება მისი რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დგას. ქართული ეკონომიკის განვითარებას არ ექნება მომავალი, თუ სოფლის მეურნეობის სფერო არ იქნება აგებული თანამედროვე პრინციპებზე. ჩვენ უნდა განვავითაროთ და ვისწავლოთ ის, რაც დღევანდელ მსოფლიოში მდგრადი განვითარების პრინციპებად არის მიჩნეული და სწორედ ამ პრინციპებზე ავაგოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ შევინარჩუნოთ ძველი, ქართული ტრადიციები და ამასთან, ვისწავლოთ, როგორ განვავითაროთ დარგი ისე, რომ არ უშლიდეს ხელს არც გარემოს დაცვას და ამავე დროს ჩართული იყოს მსოფლიო ეკონომიკაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ყველაფერი ეს სხვების გამოცდილების გაზიარებით უნდა ვისწავლოთ.

სალომე ზურაბიშვილმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და გაეროს, ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციას “სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში” ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები ესწრებოდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.