თურქეთის ბილეჩიქის პროვინციის ერთ-ერთი მუნიციპალური ორგანოს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც სამსახური არასათანადო მოპყრობის გამო დატოვა, ყოფილი უფროსი 31 მარტის არჩევნებში დაამარცხა – ამის შესახებ თურქული გამოცემები წერენ.
Turkish Minitue-ს თანახმად, ზექიე თექინი მუნიციპალიტეტში ადგილობრივ არჩევნებამდე მთავარ ასისტენტად მუშაობდა მანამ, სანამ მისმა უფროსმა, მუზაფფერ იალჩინმა თანამდებობიდან არ ჩამოაქვეითა. გამოცემა Diken წერს, რომ ქალი უფროსის მხრიდან გრძელვადიანი ბულინგის მსხვერპლიც იყო. საბოლოოდ, გამოცემის თანახმად, ქალი იძულებული გახდა, სამსახურიდან წასულიყო.
ამის შემდეგ, ზექიე თექინმა სცადა, საუბნო არჩევნებზე კენჭი მმართველი “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” სახელით ეყარა, თუმცა პარტიამ უპირატესობა კვლავ მის უფროსს მიანიჭა, რის შემდეგაც ქალმა დამოუკიდებლად ბრძოლა გადაწყვიტა. აქტიურმა კამპანიამ შედეგი გამოიღო – მან 26%-ით გაუსწრო ყოფილ უფროსს და უბნის მერის პოსტიც დაიკავა.
“მე გავაკეთე ეს, რათა მეჩვენებინა ქალებისთვის, რას შეუძლია მიაღწიოს ერთმა მათგანმა”, – თქვა ზექიე თექინმა არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
ფოტო გარეკანზე: Hurriyet