განცხადების მიხედვით, გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ მასზე ზეწოლა 2014 წლის აგვისტოდან ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი და გამგეობის სხვა თანამდებობის პირები ახორციელებდნენ. ასევე, მისივე განცხადებით, ისნის რაიონის გამგეობში დასაქმებულ 40–მდე ადამიანს უკვე დააწერინეს განცხადება პირადი ინიციატივით სამსახურიდან წასვლის შესახებ.
“განცხადებებზე არ არის მითითებული მათი დაწერის თარიღები, რაც ზემდგომი თანამდებობის პირებს ნებისმიერ დროს ამ განცხადებათა გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. დონაძის განცხადებით, დღემდე გაურკვეველია აღნიშნული განცხადებების დამწერი ადამიანების ბედი,”– ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, მათ ბესიკ დონაძემ გააცნო აუდიოჩანაწერები, სადაც გამგებელი და საკრებულოს დეპუტატები მისი მისამართით ასეთ ფრაზებს ამბობენ:
“„თქვენი დრო წავიდა,“ „ქართველმა ხალხმა თქვენ განაჩენი გამოგიტანათ,“ „მოგიწევს გამომძიებელთან და პროკურორთან ჯდომა,“ „თქვენ აქ ვერ იმუშავებთ,“ „ჩაგყვები მიწაში“, ,,1500 კაცი ელოდება შენი განცხადების დაწერას და ზემოთ ხალხი ნერვიულობს“ და სხვა. ჩანაწერში ასევე საუბარია მოახლოვებულ ატესტაციაზე. ბ. დონაძის მითითებით ისმის გელა კვირიკაძის (ექსპერტ-კონსულტანტი) ხმა, რომელიც ამბობს, რომ ,,სულ რომ ვუნდერკინდი იყო, ატესტაციას მაინც ვერ ჩააბარებ“. – ნათქვამია განცხადებაში.
საიას განცხადებით, ბესიკ დონაძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა და მტკიცებულებებიც წარუდგინა.
საია სამართალდამცავებს ბესიკ დონაძეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტის შესწავლისა და სათანადოდ რეაგირებისკენ მოუწოდებს.





