“აუცილებლად უნდა იქნეს გარკვეული, 30 სექტემბერს, „თავისუფალი ზონის“ ოფისთან მომხდარი ინციდენტის დროს, რამდენად დროულად მოახდინა პოლიციამ რეაგირება ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე მათი ოფისის დარბევის გეგმების შესახებ. ასევე გასარკვევია, რამდენად ობიექტურად და სათანადოდ მოქმედებდა პოლიცია ინციდენტის დროს,”– ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, პოლიციის მიერ დაკავებული “თავისუფალი ზონის” წევრმა დავით გოგოხიამ საიას ადვოკატისთვის მიცემულ ახსნა–განმარტებაში აღნიშნა, რომ ის პოლიციამ ცემა:
“[დაკავების შემდეგ] მანქანაში პოლიციის თანამშრომელმა ორჯერ ნეკნში ჩამარტყა მუშტი… დარტყმა იყო ძლიერი; დარტყმის შედეგად შემეკრა სუნთქვა.”
ის ასევე ამბობს, რომ მისი დაშინების მიზნით ერთ-ერთმა პოლიციელმა დაიძახა – „გახადეთ, ამას გაუპატიურებას ვანახებო“. ამავე ახსნა-განმარტებაში გოგოხია აღწერს, რომ ხელბორკილდადებული სცემეს პოლიციელებმა, ურტყამდნენ ნეკნებში, სახეში, ყურში, სახით დაახეთქეს მაგიდაზე და ა.შ. “– ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებისთის გაუგებარია, თუ რატომ გახდა პრემიერ–მინისტრის აღშფოთების საგანი ის, რომ მედიასაშუალებებმა “არავითარი სოლიდარობა” არ გამოიჩინეს მათი კოლეგა ზაზა დავითაიას მიმართ. მათი თქმით, ეს ფაქტი ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა.
“მედიასთან საუბრისას პრემიერ-მინისტრი „თავისუფალ ზონას“ „დესტრუქციულ ძალებს“ უწოდებს და მათ ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირზე საუბრობს. პრემიერის ამგვარი განცხადებები, შესაძლოა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო გამოძიების, ხოლო მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფების მიმართ აგრესიული ქმედებების წახალისებად ჩაითვალოს,”– ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
NGO-ების განცხადებით, თუ პრემიერ–მინისტრს დანაშაულის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია აქვს, ის საქართველოს კანონმდებლობით ვალდებულია, რომ ასეთი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს.
“თუ მსგავსი კონკრეტული ინფომაცია არ არსებობს, მაშინ ასეთი მწვავე განცხადებები მთავრობის მეთაურის მხრიდან სასურველია, რომ არ გაკეთდეს.
მითითებული შინაარსის განცხადებები არათუ ვერ განმუხტავს ახალგაზრდების ჯგუფებს შორის არსებულ სახიფათო დაპირისპირებას, არამედ შესაძლოა ისედაც დაძაბული სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს,”– ნათქვამია განცხადებაში.
30 სექტემბერს “თავისუფალი ზონის” ოფისთან, გამოძიების ცნობით, “თავისუფალი ზონის” წევრმა ფარნაოზ ჭკადუამ გაზეთ “ასავალ–დასავალის” ჟურნალისტი ზაზა დავითაია ცემა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-მ დავითაიას ცემის ფაქტზე ფარნაოზ ჭკადუა დავით გოგოხია დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა) დაიწყო.