ახალი ამბები

მალხაზ სონღულაშვილის წერილი ირანში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე

7 აპრილი, 2019 • 1564
მალხაზ სონღულაშვილის წერილი ირანში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი, მალხაზ სონღულაშვილი, ირანში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სასულიერო პირი სტიქიური უბედურების გამო წუხს და გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო ირანს დახმარების ხელს გაუწვდის.

“არ შეიძლება გულთან არ მივიტანოთ ირანელი ხალხის ტრაგედია.

მასმედიითა და სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოები ირანში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, აუღელვებელს ვერ დატოვებს ვერც ერთ ადამიანს, ვისაც ემპათიის უნარი აქვს. ადვილი საყურებელი არ არის ნახვა თუ როგორ იტაცებს დიდებსა და პატარებს აბობოქრებული წყალი, როგორ ნაფოტებივით ათამაშებს წყლის ზვირთები ასობით მანქანას, ქონებას, როგორ მოაქვს წალს დამხრჩვალი ბავშვების ცხედრები და მათი სათამაშოები…

მარტის მეორე ნახევრში დაწყებულმა წყალდიდობებმა, ნავრუზის დღესასწაული ჩააშხამა ირანელებს. სამხიარულო დღეები სამგლოვიაროდ უქცია მრავალ ადამიანს.

უბედურება ირანის მარტო ერთ მხარეს არ დაატყდა. ირანის 31 პროვინციიდან ერთი მესამედი მოიცვა სტიქიის მძვინვარებამ. წარმოუდეგენელი ზარალი მიადგა ქვეყანას: განადგურებულია გზები, ხიდები, კომუნიკაციები… ყველაზე მთავარი და გულსაკლავი კი ის არის, რომ არის დიდი ადამიანური მხვერპლი. ჯერ მხოლოდ 80-ამდე ადამიანის გვამია ნაპოვნი. არავინ იცის სად გამორიყავს სხვა დაღუპულების გვამებს აბობოქრებული სტიქია.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხალხი გულთან ახლოს მიიტანს მეზობელი ირანელი ხალხის ტრაგედიას და დახმარების ხელს გაუწოდებს მას. სამწუხაროდ დღემდე მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანამ გამოხატა მზადყოფნა დაეხმაროს ირანს.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს დაღუპულები და ანუგეშოს ჭირისუფლები”, – აცხადებს მიტროპოლიტი.

სამკვირიანმა წყალდიდობებმა ირანში ათობით ადამიანი იმსხვერპლა. ამ დროისათვის, ნაპოვნია 70 ადამიანის ცხედარი. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით დანგრეულია ათასობით ხიდი, შენობა და გზები. რიგ რეგიონებში სტიქიური უბედურების დიდი მასშტაბებით განმეორების საშიშროების გამო, ევაკუაცია 7 აპრილს, შაბათსაც გრძელდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი