“ის პოლიტიკური ისტერია, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს აქვთ ატეხილი ამ რეზოლუციასთან მიმართებაში, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და მცდელობა იმისა, რომ ამ რეზოლუციის აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გადათარგმნა მოხდეს და არა იმ მიმართულებით, რომ ევროპის საბჭო ცდილობს საქართველოს რეკომენდაციები მისცეს, რათა საქართველო გახდეს უფრო დემოკრატიული სახელმწიფო. რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად იყო პოლიტიკურად მანიპულირებული რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერდა ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ აფილირებული ევროპული ოჯახის წარმომადგენლები და ეს იყო ძალიან წინააღმდეგობრივი რეზოლუცია, რომელსაც მოჰყვა უპრეცედენტო დებატები ევროპის საბჭოს შიგნით. რა თქმა უნდა, მე არ ვარ კმაყოფილი ამ რეზოლუციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარს დავუჭერდი. ის კონკრეტული საკითხები, რომელიც პოლიტიკური მანიპულაციით მოხვდა რეზოლუციაში, ჩემთვის მიუღებელი იყო და სწორედ ამიტომ არ დავუჭირე მხარი”, -განაცხადა ჩიქოვანმა “ქრონიკასთან” საუბრისას.
მისივე თქმით, რეზოლუციაში გამოთქმული რეფორმების თხოვნა უკვე მიმდინარე პროცესია და რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა თითოეულ საკითხთან დაკავშირებით:
“ინფორმაცია მაღალი თანამდებობის პირების თაობაზე, რომ ისინი სასჯელს იხდიან, ან მათზე მიმდინარეობს გამოძიება, ეს რეალობაა. მეც არ მახარებს ნამდვილად, რომ ამდენი მაღალჩინოსანი წინა ხელისუფლებიდან და ასეთი ხელისუფლება ჰყავდა საქართველოს ამდენი წლის განმავლობაში, ნამდვილად არ მახარებს. მეც მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ სასამართლომ მიიღოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომლის უფრო მეტ დამოუკიდებლობაზეც კვლავ და კვლავ საუბრობს ეს რეზოლუცია და ამის შემდგომ ვიმსჯელოთ, ვინ იყო დამნაშავე და ვის წინააღმდეგ შეიძლებოდა გამოყენებულიყო პოლიტიკური დევნა. ის მოთხოვნა, რაც რეზოლუციაშია მითითებული, გაგვაჩნია ჩვენ უმრავლესობასაც და ხელისუფლებასაც, რომ არც ერთ შემთხვევაში და არც ერთ კონკრეტულ პირთან მიმართებაში, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მაღალი თანამდებობის პირი იყო, არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მოტივი, არამედ ის ბევრი კრიმინალური თემა და საკითხი. მე არ მინდა დავიწყო იმაზე საუბარი, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, ეს გაარკვიოს სასამართლომ. ზუსტად ეს მოთხოვნა არაერთხელ გაგვიჟღერებია ქვეყნის შიგნითაც”,- ამბობს ჩიქოვანი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 103 ხმით 27-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ, რომელიც ხელისუფლების საქმიანობას არაერთ ნაწილში აფასებს კრიტიკულად. ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ საქმეების შესახებ ასამბლეა აცხადებს:
“ასამბლეა მხედველობაში იღებს დიდი რაოდენობის ბრალდებებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ამავე დროს, სერიოზულად ვართ შეშფოთებული ჩივილით, რომ მათი დაპატიმრება და სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, სამართალი კი შერჩევითი და რევანშისტულია”- წერია ანგარიშში.
ევროსაბჭოს რეკომენდაციები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით ასეთია:
“ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება დანაშაული დაუსჯელი დარჩეს, განსაკუთრებულად ის დანაშაული, რომელიც მთავრობის წევრების და პოლიტიკოსების მიერაა ჩადენილი წარსულში ან აწმყოში.
ასამბლეა მოუწოდბს საქართველოს ხელისუფლებას, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიუკერძოებლად, გამჭირვალედ და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დაცვით ჩატარდეს, როგორც ეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციითაა გათვალისწინებული.
ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ არა მხოლოდ შერჩევითი ან პოლიტიკურად მოტივირებული სამართალს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, ასევე არ უნდა არსებობდეს აღქმა, რომ სამართალი შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებულია.
ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად და გამჭირვალედ გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასათანადო ქცევასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელიც დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნულ საქმეებთან”.
უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ასამბლეა აცხადებს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, თუმცა მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის წინასწარი დაკავების მოთხოვნები, არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებული.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საქმეს, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს იმ პერიოდის ხანგრძლივობის გამო, რაც ახალაიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნა უწევს და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გამოიყენოს ყველა სახის სამართლებრივი საშუალება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თვალსაზრისით.
ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების კონტექსტში ასამბლეა ასევე აცხადებს, “იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური გარემო ყოფილი ხელისუფლების წევრების სამართლებრივი დევნის გამო მნიშვნელოვნად დაიძაბა, ასამბლეა მიესალმება შესაძლო ამნისტიის წინადადებას, მძიმე დანაშაულების გამოკლებით”.