მფრინავი ქალი, რომელსაც სამინისტრომ უჩივლა, თავდაცვის უწყებაში ბრუნდება

სამხედრო მფრინავი ქალი, ეკატერინე ქვლივიძე, რომელსაც სამინისტრომ სასამართლოში უჩივლა კონტრაქტის პირობების დარღვევის საბაბით, თავდაცვის უწყებაში ბრუნდება. სამინისტრომ მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლოდან უკვე გამოიტანა.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, ეკატერინე ქვლივიძე გორის სამხედრო აკადემიაში ლექციებს წაუკითხავს სტუდენტებს, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ თავისი პროფესიით სამხედრო საქმიანობას დაუბრუნდება.

ინფორმაცია აღნიშნული შეთანხმების შესახებ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და ეკატერინე ქვლივიძის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც ნეტგაზეთს სამინისტროში დაუდასტურეს.

სამხედრო მფრინავი ქალი თავდაცვის სამინისტროს გენდერულ დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, ხოლო უწყება მის ბრალდებას უარყოფდა. სამინისტრო აცხადებდა, რომ თავდაცვაში მუშაობის პერიოდში ეკატერინე ქვლივიძეს ადმინისტრაციისთვის პრეტენზიით არ მიუმართავს და ეს მხოლოდ მაშინ გააკეთა, რაც უწყებამ სასამართლოში უჩივლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.