ასამბლეა მიესალმება იმ ფორმას, რომლითაც 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა:
“მიუხედავად იმისა, რომ პოლარიზებული საარჩევნო გარემო არსებობდა, არჩევნები შეესაბმებოდა ევროპულ სტანდარტებს”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევის პროცესზეაცაა საუბარი. პარლამენტმა მიმდინარე წელს ბორდის 9 ახალი წევრის შერჩევა ვერ მოახერხა. ანგარიშის სამუშაო დოკუმენტში ნათქვამია, რომ როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე, უმცირესობაც, პროცესის და ზოგადად მაუწყებლის პოლიტიზებას ცდილობენ.
“ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული მედიარეფორმები წინა კანონმდებლობასთან შედარებით ეუთოს მიერ გაუმჯობესებად იყო შეფასებული. ასამბლეა მიესალმება, რომ ეს რეფორმები მის წინა რეკომენდაციებს პასუხობს, თუმცა წუხს, რომ რეფორმები წინასაარჩევნო პოლიტიკურ გარემოში ზედმეტად პოლიტიზებული იყო. ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს საზოგადოებრივი მაუწყებლის აშკარა პოლიტიზების და იმ სირთულეების გამო, რომლის წინაშეც პარლამენტი აღმოჩნდა ბორდში ზეპარტიული და დამოუკიდებელი მეურვეების არჩევის თვალსაზრისით. ეს შესაძლოა განხილულ იქნას, ესაა სიგნალი, რომ როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე, უმცირესობა სამეურვეო საბჭოს როგორც შემადგენლობის, ასევე, მუშაობის და, საბოლოო ჯამში, თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზებას ცდილობენ. მაუწყებლობის შესახებ კანონის შემდგომი ცვლილებები პარლამენტს ავალდებულებს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები იმ კანდიდატებისგან შეარჩიოს, რომელსაც მას დამოუკიდებელი და ზეპარტიული საზოგადოებრივი კომიტეტი შესთავაზებს. ამ კონტექსტში ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს გარდამვალი ზომები იმისათვის, რომ აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბორდის წინა წევრების დათხოვნასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ საქმეებს, ასამბლეა აცხადებს:
“ასამბლეა მხედველობაში იღებს დიდი რაოდენობის ბრალდებებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ამავე დროს, სერიოზულად ვართ შეშფოთებული ჩივილით, რომ მათი დაპატიმრება და სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, სამართალი კი შერჩევითი და რევანშისტულია”- წერია ანგარიშში.
ევროსაბჭოს რეკომენდაციები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით ასეთია:
“ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება დანაშაული დაუსჯელი დარჩეს, განსაკუთრებულად ის დანაშაული, რომელიც მთავრობის წევრების და პოლიტიკოსების მიერაა ჩადენილი წარსულში ან აწმყოში.
ასამბლეა მოუწოდბს საქართველოს ხელისუფლებას, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიუკერძოებლად, გამჭირვალედ და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დაცვით ჩატარდეს, როგორც ეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციითაა გათვალისწინებული.
ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ არა მხოლოდ შერჩევითი ან პოლიტიკურად მოტივირებული სამართალს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, ასევე არ უნდა არსებობდეს აღქმა, რომ სამართალი შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებულია.
ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად და გამჭირვალედ გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასათანადო ქცევასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომელიც დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნულ საქმეებთან”.
უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ასამბლეა აცხადებს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, თუმცა მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის წინასწარი დაკავების მოთხოვნები, არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებული.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საქმეს, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს იმ პერიოდის ხანგრძლივობის გამო, რაც ახალაიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნა უწევს და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გამოიყენოს ყველა სახის სამართლებრივი საშუალება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თვალსაზრისით.
ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების კონტექსტში ასამბლეა ასევე აცხადებს, “იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური გარემო ყოფილი ხელისუფლების წევრების სამართლებრივი დევნის გამო მნიშვნელოვნად დაიძაბა, ასამბლეა მიესალმება შესაძლო ამნისტიის წინადადებას, მძიმე დანაშაულების გამოკლებით”.
ასამბლეა ასევე შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში უმცირესობების, განსაკუთრებით სექსუალური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო. ასამბლეა შეშფოთებულია ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობის გამოც ამ საქმეებთან მიმართებაში
“ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა აჩვენოს, რომ ასეთი საქციელი არ იქნება შეწყალებული ყველა დარღვევა და დისკრიმინაციული ფაქტი გამოძიებული იქნება”.
რაც შეეხება დეპორტირებული მესხების რეპარტიაციის პროცესს, ასამბლეა აცხადებს, რომ ეს პროგრამა ძირითადად რეპატრიაციის ლეგალური სტატუსის შექმნაზე იყო ფოკუსირებული და არა უშუალოდ რეპატრიაციაზე. ასამბლეა ყურადღებას ამახვილებს იმ გრძელ პერიოდზე, რომლის გავლაც რეპატრიანტთა მოქალაქეობის მინიჭებას სჭირდება. ასამბლეა მიუთითებს ყოვლისმომცველი რეატრიაციის სტრატეგიის აუცილებლობაზე და ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ სტრატეგიას მიესალმება.
ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხელი მოაწეროს და განახორციელოს რატიფიკაია შემდგომი დაყოვნების გარეშე რეგიონალური და უმცირესობების ენების შესახებ ევროპის ქარტიას, რისი ვალდებულებაც საქართველომ ევროსაბჭოში გაწერვიანებისას აიღო.
“იმ არასწორი შეხედულებების შესახებ, რომელიც საქართველოს საზოგადოებაში არსებობს ქარტიასთან დაკავშირებით, ასამბლეა ურჩევს ხელისუფლებას, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანია აწარმოოს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებაც ჩაერთვება და მედიაც”.
ასამბლეა ასევე შეშფოთებას გამოთქვამს “სამართალდამცავი უწყებების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების სისტემური უკანონო მიყურადების გამო, რაც საქართველოს მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მიხედვით ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს”.
“მიუხედავად იმისა, რომ მივესალმებით ბოლოს გატარებულ ზომებს ამ საკითხის მოსაგვარებლად, საჭიროა ყოვლისმომცველი კანონმდბელობა მიყურადებისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების რეგულირებისთვის”, – ნათქვამია რეზოლუციაში.





