ახალი ამბები

ნატო შავ ზღვაში უსაფრთხოებისა და საქართველოს მხარდაჭერის გაზრდაზე შეთანხმდა

5 აპრილი, 2019 • 2285
ნატო შავ ზღვაში უსაფრთხოებისა და საქართველოს მხარდაჭერის გაზრდაზე შეთანხმდა

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე შეათანხმეს ახალი პაკეტი, რომელიც შავ ზღვაში ნატოს სიტუაციური ინფორმირებულობის გაუმჯობესების, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერი ზომების გაძლიერებას ითვალისწინებს.

ნატოს სააგრეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს საშუალო სიშორის ბირთვული ძალების შესახებ შეთანხმებით (INF Treaty) ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. ასევე, გაათავისუფლოს აზოვის ზღვაში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები.

“რუსეთმა გამოიყენა ძალა ყირიმის უკანონო ანექსიისთვის და აგრძელებს სამხედრო ძალის გაზრდას რეგიონში… ჩვენ განვიხილეთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ჩვენ შევათანხმეთ პაკეტი სიტუაციური ინფორმირებულობის ამაღლებისა და უკრაინისა და საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერის გაფართოების შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის წვრთნები, ვიზიტები პორტებში და სწავლებები, ინფორმაციის გაცვლა. ეს დაეფუძნება ჩვენს უკვე არსებულ ახლო თანამშრომლობას”, – განაცხადა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატოს გემები პატრულირებენ შავ ზღვაში და ატარებენ წვრთნებს უკრაინულ და ქართულ მხარეებთან ერთად და ალიანსი შეინარჩუნებს ფოკუსს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონზე.

რუსეთის ძალისმიერი პოლიტიკის შესახებ რეგიონში, მათ შორის, საქართველოს მიმართ, თავის პრესკონფერენციაზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც.

“ვლადიმერ პუტინი იმპერიალიზმის შავ ოცნებებს ინახავს – ამის ნათელი მაგალითია შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, ასევე, ჩარევა სირიასა და ახლა უკვე ვენესუელაში. მას სურს, ალიანსი დაშალოს და ჩვენი დემოკრატია დაასუსტოს”, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ვაშინგტონის მინისტერიალის შედეგებს და ის საქართველოსთვის მნიშვნელოვნად შეაფასა.

“ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა, გამომდინარე იქიდან, რომ მინისტერიალმა დაამტკიცა შესაბამისი პაკეტი, რომელიც მოიცავს შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართულებით ქმედებებს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველომ ძალიან სერიოზული მუშაობა გასწია იმისათვის, რომ მსგავსი სახის შედეგი მიგვეღო დღეს. მინისტერიალი საუბრობს უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე შავ ზღვაში, გულისხმობს უფრო მეტი საზღვაო გემების ვიზიტს, ინფორმაციის გაცვლას, პერსონალის მომზადებას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში”, – განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ ნატო თვისობრივად გაზრდის თავის ყოფნას შავი ზღვის აკვატორიაში, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციაზე, სადაც განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ღია კარის პოლიტიკას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი