“მინდა გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ინციდენტს. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დემოკრატიული ქვეყნისა და საზოგადოების პრინციპებს. პოლიტიკურ, ეთნიკურ, რელიგიურ საფუძველზე, ასევე განსხვავებული მოსაზრებების გამო შუღლი ყოვლად მიუღებელია. ამ სისტემას ვამსხვრევდით წლების განმავლობაში და მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში აღარ უნდა ხდებოდეს, მით უფრო, დაუშვებელია ახალგაზრდების ჩაბმა პოლიტიკურ დაპირისპირებაში.
იმედი მაქვს, აღნიშნულ ფაქტს სწრაფად მოყვება სათანადო რეაგირება და სამართალდამცავი სტრუქტურები სამართლიანად გამოიძიებს მომხდარს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ხოლო პოლიტიკოსებმა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” განცხადებით, პეკინის ქუჩაზე მდებარე მათ ოფისს მოქალაქეების ჯგუფი დაესხა თავს, ხოლო პოლიციამ თავდამსხმელები არ დააკავა. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა დააკავეს მათი წევრი ფარნაოზ ჭკადუა, რომელიც ასავალ-დასავალის ჟურნალისტ ზაზა დავითაიასთან ჩხუბში ფიგურირებდა:
თავისუფალი ზონის ოფისში ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატები, გიგი წერეთელი და სერგო რატიანი მივიდნენ.
ამ ფაქტს წინ კიდევ ერთი ინციდენტი უძღვოდა. ასავალ-დასავალის ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას განცხადებით, მისი კოლეგა ზაზა დავითაია “თავისუფალი ზონის” წევრებმა სცემეს:
“თავისუფალი ზონის” 10-12-მა წევრმა, მათ შორის ზაზამ ამოიცნო “თავისუფალი ზონის” ერთ-ერთი ლიდერი ფარნაოზ ჭკადუა, უმოწყალოდ სცემეს. დავითაია გადაყვანილია ღუდუშაურის კლინიკაში”, – განაცხადა ჯაბა ხუბუამ.
თავის მხრივ, ზაზა დავითაიას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს თავისუფალი ზონის წარმომადგენელი კობა ხაბაზი, რომელმაც რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ დავითაია “თავისუფალი ზონის” ოფისთან მივიდა და ორგანიზაციის წევრებს აგინა.
შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ “ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა). საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა ინციდენტის ადგილზე და ატყობინებდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ, როდესაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დავით გოგოხიამ. ის დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 353 (პოლიციისთვის წინააღმდეგობა) და 187 (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით”.





