ახალი ამბები

იზორია მფრინავი ქალის დისკრიმინაციას გამორიცხავს და “მზადაა შეხვდეს”

4 აპრილი, 2019 • 941
იზორია მფრინავი ქალის დისკრიმინაციას გამორიცხავს და “მზადაა შეხვდეს”

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, მფრინავ ეკატერინე ქვლივიძის სამინისტროსადმი ბრალდებას გამოეხმაურა. მინისტრი გენდერული ნიშნით ქვლივიძის დისკრიმინაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მზადაა, პირადად შეხვდეს მას.

იზორია აცხადებს, რომ ეკატერინე ქვლივიძემ თავდაცვის სამინისტრო 1 წლის წინ დატოვა, თუმცა ამ დროის განმავლობაში უწყებისათვის არ მიუმართავს რაიმე სახის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. მინისტრმა შესაძლო დისკრიმინაციის გამოსარიცხად არგუმენტად მოიშველია ქვლივიძის გაგზავნა კაპიტნის საკარიერო კურსებზე:

“2017 წელს ეს ქალბატონი თავდაცვის ძალების გათვალისწინებით მივლინებულ იქნა კაპიტნის საკარიერო კურსებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში. დისკრიმინაცია რომ იყოს ქალბატონის, ქალბატონს ხომ არ გაუშვებდნენ ამ ძალიან საპასუხისმგებლო კურსებზე?” – თქვა მან.

მინისტრმა კვლავ გაიმეორა თავდაცვის სამინისტროს მიერ 27 მარტს გამოქვეყნებული განცხადების შინაარსი და აღნიშნა, რომ “ფაქტები სხვაზე მეტყველებს”. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებაა, დარღვევებზე შესაბამისად იმოქმედოს, რაც ქვლივიძის შემთხვევაში განხორციელდა კიდეც:

“ნატოს სტანდარტია და სწორედ ამ სტანდარტის დასამკვიდრებლად ვზრუნავთ ჩვენ, რომ სამხედრო სამსახური იყოს, მათ შორის, ვალდებულებებთან დაკავშირებული. მათ შორის, გარკვეული წესების დარღვევის შემთხვევაში, გარკვეული სანქციების დაკისრებასთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, როგორც პასუხისმგებლიანმა უწყების ხელმძღვანელმა და თავდაცვის ძალებმა, ვიმოქმედეთ სწორედ ამ სტანდარტით”, – თქვა მინისტრმა და დაამატა, რომ მზადაა, პირადად შეხვდეს მფრინავს, მოუსმინოს მას და თავადაც მიაწოდოს ფაქტები, რომლებიც ხელთ აქვს.


“ადამიანის უფლებათა ცენტრი”, რომელიც სამხედრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძის ინტერესებს იცავს, იუწყება, რომ ის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამო იძულებული გახდა, შეეწყვიტა კონტრაქტი და დაეტოვებინა თავდაცვის სამინისტრო. სამსახურიდან წასვლისთვის თავდაცვის სამინისტრო ქვლივიძისგან ჯარიმის სახით 28 000 ლარის დაკისრებას ითხოვს.

ცენტრი ამბობს, რომ ეკატერინე ქვლივიძესა და თავდაცვის სამინისტროს შორის 2017 წლის 30 მაისს დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ აშშ-ში.

საქართველოში დაბრუნებისას კი გაირკვა, რომ ეკატერინე ქვლივიძე გადაყვანილია წოდებრივად და თანამდებობრივად უფრო დაბალ შტატზე. ასევე, აღმოჩნდა, რომ ქალი მფრინავი აღარ იყო გათვალისწინებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული ესკადრილიის 2018 წლის საბრძოლო მომზადების გეგმაში.

“ეკატერინე ქვლივიძე აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიზეზად ხელმძღვანელმა მას უთხრა, რომ ქალ მფრინავზე რესურსის დახარჯვას აზრი არ ჰქონდა, რის გამოც ვერ მოხვდა საბრძოლო მომზადების გეგმაში და არც მომავალ წელს არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ გეგმაში გაითვალისწინებდნენ”, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” განმარტავს, რომ ეკატერინე ქვლივიძემ 2018 წლის მარტიდან რამდენჯერმე დაწერა პატაკი სასწავლო შვებულების აღების მიზნით, მაგრამ პატაკები არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ, თავდაცვის სამინისტრომ ეკატერინე ქვლივიძე იძულებული გახადა, მიემართა პატაკით ხელმძღვანელობისთვის სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით, რადგან გამუდმებით ირღვეოდა მისი უფლებები.

თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ ეკატერინე ქვლივიძეძე გახდა გენდერული ან რაიმე სახის დისკრიმინაციის მსხვერპლი. როგორც უწყება წერს, თავდაცვაში მუშაობის პერიოდში მას ადმინისტრაციისთვის პრეტენზიით არ მიუმართავს.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტრომ  ეკატერინე ქვლივიძეს წერილობით აცნობა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ჯარიმის ოდენობის შესახებ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რაც მან დაადასტურა შესაბამის შეტყობინებაზე ხელმოწერით.

 

მფრინავი ქალი თავდაცვის სამინისტროს გენდერულ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი