ახალი ამბები

ზვიად ძიძიგური: ორი წლის წინ “ნაციონალური მოძრაობისათვის” შავი დღე გათენდა

1 ოქტომბერი, 2014 • • 931
ზვიად ძიძიგური: ორი წლის წინ “ნაციონალური მოძრაობისათვის” შავი დღე გათენდა

“პირველი ოქტომბერია დღეს. ორი წლის წინ “ნაციონალური მოძრაობისათვის”, ასე ვთქვათ, შავი დღე გათენდა. ამ დღის შემოქმედი იყო ბიძინა ივანიშვილი და მე არ მიკვირს, როდესაც ყოველ გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილს ესხმიან თავს და ცდილობენ “უკბინონ”. ჩვენი კოლეგები ვერ უვიწყებენ იმ მდგომარეობას, რომელშიც ახლა იმყოფებიან, და ეს ძირითადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. არ მინდა პასუხი გავცე იმას, რასაც ჩვენი კოლეგები საუბრობენ, ასეთი თემები, წყევლა-კრულვა, ცილის წამება გადაიქცა ჩვეულებრივ ამბად ჩვენი კოლეგების მხრიდან. მე მინდა ორი წლის თავზე გამოვიყენო ეს ტრიბუნა და ორი წლის თავზე მხოლოდ ერთი მიმართულებით, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით რაც გაკეთებულია, მინდა, ძალიან მკაფიო ციფრები და ინფორმაცია მივაწოდო მოსახლეობას”- განაცხადა ძიძიგურმა.

 

მისი თქმით, გასული ორი წლის მანძილზე  4 300 000 მოქალაქე დაეზღვია. როგორც ძიძიგური ამბობს, აღნიშნული ჯანდაცვის პროგრამა მხოლოდ 33 სახელმწიფოს გააჩნია მსოფლიოში და ეს პროგრამა მსოფლიო ბანკისა და  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა მოწონებული. ასევე, ახალი რეგულაციებით 95%-ითაა შემცირებული იაფასიანი ნარკოტიკების მოხმარება.  სიკვდილიანობის მუდმივად მზარდი მაჩვენებელი, 2012 წლის ჩათვლით მათ შორის,  2013 წელს შეჩერდა. როგორც ძიძიგური ამბობს, 2014 წელს მოსალოდნელია კლება.

 

“საოკუპაციო ხაზთან, სოფელ რუხში მულტიფუნქციური საავადმყოფო შენდება, ხოლო კიდევ ერთი საავადმყოფო შენდება ტყვიავში. ყოველ მესამე შვილზე მთაში 200-ლარიანი შემწეობაა დანიშნული, ბარში კი, 150 ლარის ოდენობით. რეგიონებში 180 ახალი სასწრაფო დახმარების მანქანაა შემოყვანილი. დასრულებულია 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, 150 ლარითაა გაზრდილი სოფლის ექიმებისა და ექთნების დაფინანსება. მინიმალური პენსია 150 ლარია და გაიზარდა სოციალურად დაუცვველი მოსახლეობის შემწეობა”-განაცხადა ძიძიგურმა.

 

გამოსვლის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ ზვიად ძიძიგურს უპასუხა და აღნიშნა, რომ პენსია “ქართულ ოცნებას” არ გაუზრდია და ეს ინიციატივა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს იყო ბიუჯეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი