კვიციანის კანონპროექტს მხარს არ ვუჭერ, ხმა შეცდომით დაფიქსირდა – ხუციშვილი

მმართველი გუნდის დეპუტატი, ზაზა ხუციშვილი აცხადებს, რომ ემზარ კვიციანის ინიციატივას ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მხარს არ უჭერს და მისი ხმა კენჭისყრისას შეცდომით დაფიქსირდა.

მისი თქმით, კანონპროექტს ხმა შეცდომით მისცა და რეალურად, მის შინაარსს არ იზიარებს.

„პაკეტი რვა კანონისგან შედგებოდა. არცერთს არ ვუჭერდი მხარს და მხოლოდ პირველზე დაფიქსირდა ჩემი ხმა შეცდომით”, – უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება თანაბრად იყოს დაცული.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატის, ემზარ კვიციანის კანონპროექტი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ჩავარდა. საკითხი კანონიდან ტერმინების – “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” – ამოღებას მოიცავდა.

კანონპროექტს 27 დეპუტატი მიემხრო, 13 კი წინააღმდეგ წავიდა, თუმცა კვორუმისათვის აუცილებელი იყო 63 დეპუტატის ხმა.

კანონპროექტების პაკეტი, რომლის ავტორი ზვიად ტომარაძეა, კანონმდებლობიდან, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, ტერმინების, “სექსუალური ორიენტაციის” და “გენდერული იდენტობის”, ამოღებას ითვალისწინებდა. კვიციანის განცხადებით, კანონმდებლობაში ამ ტერმინების ჩაწერით “ზნეობრივი ნორმები დაირღვა”.

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობიდან ზემოხსენებული ტერმინების ამოღების საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მესამედ შევიდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან