“თავისუფალი ზონის” ოფისზე ამ წუთებში თავდასხმა ხორციელდება. პოლიცია შემოვიდა და ნაცვლად იმისა, რომ თავდამსხმელები დაეკავებინა, ელექტროშოკებით ოფისის დერეფნიდან ფარნაოზ ჭკადუა გაიყვანეს. ამ წუთებში ოფისის ტერიტორიაზე კვლავ დაძაბული სიტუაციაა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
თავისუფალი ზონის ოფისში ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატები, გიგი წერეთელი და სერგო რატიანი მივიდნენ. შსს-ს პრესსამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
ინციდენტი მოხდა დღეს თბილისში, საბურთალოზე. ასავალ-დასავალის ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას განცხადებით, მისი კოლეგა ზაზა დავითაია “თავისუფალი ზონის” წევრებმა სცემეს:
“თავისუფალი ზონის” 10-12-მა წევრმა, მათ შორის ზაზამ ამოიცნო “თავისუფალი ზონის” ერთ-ერთი ლიდერი ფარნაოზ ჭკადუა, უმოწყალოდ სცემეს. დავითაია გადაყვანილია ღუდუშაურის კლინიკაში”, – განაცხადა ჯაბა ხუბუამ. თავის მხრივ, ზაზა დავითაიას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს თავისუფალი ზონის წარმომადგენელი კობა ხაბაზი, რომელმაც რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ დავითაია “თავისუფალი ზონის” ოფისთან მივიდა და ორგანიზაციის წევრებს აგინა.
შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ “ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა). საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა ინციდენტის ადგილზე და ატყობინებდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ, როდესაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დავით გოგოხიამ. ის დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 353 (პოლიციისთვის წინააღმდეგობა) და 187 (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით”.