ახალი ამბები

რა აღმოაჩინა მზის მაგნიტურ ველზე მეცნიერების ჯგუფმა ქართველი ფიზიკოსის მონაწილეობით

4 აპრილი, 2019 • 1447
რა აღმოაჩინა მზის მაგნიტურ ველზე მეცნიერების ჯგუფმა ქართველი ფიზიკოსის მონაწილეობით

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მზის მაგნიტური ველი ათჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. აღმოჩენა აბერისტვისის უნივერსიტეტის (უელსი, გაერთიანებული სამეფო) მზის ფიზიკის კვლევით ჯგუფს ეკუთვნის, რომლის წევრიც ქართველი ფიზიკოსი, დოქტორი დავით ქურიძეა.

აბერისტვისის უნივერსიტეტში მუშაობის პარალელურად, ქურიძე ასევე ილიას უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის კვლევის კონსულტანტია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქურიძე კუნძულ ლა-პალმაზე (კანარის კუნძულები) მდებარე როკე-დე-ლოს-მუჩაჩოსის ობსერვატორიაში შვედური მზის ტელესკოპის საშუალებით დააკვირდა განსაკუთრებულად ძლიერ ამოფრქვევას, რომელიც მზის ზედაპირიდან 2017 წლის 10 სექტემბერს მოხდა.

„Astrophysical Journal“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ამ აღმოჩენას ეხება, დავით ქურიძე აღნიშნავს, რომ შესაფერისი პირობების თანხვედრისა და გარკვეულწილად იღბლის წყალობით მკვლევართა ჯგუფმა შეძლო უპრეცედენტო სიზუსტით განესაზღვრა მზის გვირგვინში მაგნიტური ველის სიდიდე.

დავით ქურიძე წარმოშობით ლანჩხუთის რაიონის სოფელი ნიგვზიანიდანაა. ის ამჟამად აბერისტვისის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევარია სერ კიმრის პროგრამის ფარგლებში. იგი ასევე არის ილიას უნივესიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის კვლევის კონსულტანტი და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის მთავარი მკვლევარი.

აღმოჩენა ილიაუნის მიხედვით - დააკლიკეთ
მზის დიამეტრი 1,400,000 კილომეტრია (დედამიწის დიამეტრზე 109-ჯერ მეტი). მზე დედამიწიდან 150, 000 ,000 კილომეტრით არის დაშორებული, ხოლო მისი გვირგვინი ზედაპირიდან რამდენიმე მილიონ კილომეტრზე ვრცელდება. მაგნიტურ სტრუქტურებში დაგროვილი ენერგიის ატმოსფეროში გამოტყორცნა, იგივე მზის ანთებები, მზის ზედაპირზე კაშკაშა ნათებების სახით დაიმზირება.

მაგნიტური ველის სისუსტის გამო ამ ენერგიების მაღალი სიზუსტით გაზომვა თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთი მთავარი და რთული ამოცანაა.

შედარებისთვის, ნაშრომში განხილული მაგნიტური ველების სიდიდე ჩვეულებრივი, მაგნიტიანი სუვენირების მაგნიტური ველის ტოლია და დაახლოებით 100-ჯერ ჩამოუვარდება სამედიცინო მაგნიტურ-რეზონანსული სკანერის დროს წარმოქმნილ მაგნიტურ ველს. მიუხედავად ასეთი სისუსტისა, ამ ველებს აქვთ უნარი წარმოქმნან მზის სისტემაში ყველაზე მაღალენერგეტიკული მოვლენები, როგორიცაა მზის ანთებები და კორონალური მასის ამოფრქვევები.

კორონალური მასის ამოფრქვევებმა, თუკი დედამიწისკენ არის მიმართული, შეიძლება გამოიწვიოს მაგნიტური ქარიშხლები, რის ფონზეც წარმოიქმნება ჩრდილოეთის ციალი (Aurora Borealis). ასევე, შესაძლოა, დაზიანდეს სატელიტური საკომუნიკაციო და გლობალური პოზიციონირების სისტემები (GPS), რაც 2017 წლის სექტემბერში დაფიქსირდა კიდეც. მეტიც, ასეთ პერიოდებში მომატებული რადიაციის გამო იზღუდება ფრენები გარკვეულ სიმაღლეებზე პოლარულ განედებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი