ახალი ამბები

საქართველო ბავშვზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დეკლარაციას შეუერთდა

1 ოქტომბერი, 2014 • • 1572
საქართველო ბავშვზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დეკლარაციას შეუერთდა

თეა წულუკიანმა დეკლარაციას ხელი მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის იუსტიციისა და შს მინისტრებთან ერთად ვაშინგტონში მოაწერა. მისი თქმით, ამ ორგანიზებულ საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.

 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქართველმა სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე გახსნეს ბერძენ, ამერიკელ და შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად.

 

„როდესაც საქართველოს თავს შეაფარებს დამნაშავე, რომელიც ბავშვის სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, რა თქმა უნდა, ხდება მისი დაკავება და ხდება მისი ექსტრადიცია დანაშაულის ჩადენის ქვეყანაში. დეკლარაციაში გაიწერება კონკრეტული პირობები მომავალი თანამშრომლობის, თუ როგორ შევინარჩუნოთ ინტერნეტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარების პირობებში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის ის  ეფექტიანობა, რაც გვაქვს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამ ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძლისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მარტო დამნაშავის დასჯას, არამედ მსხვერპლი ბავშვის უფლებების დაცვას, რისკენაც საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რადგან დანაშაულის შედეგად დაზარალებული ჯერ კიდევ არ არის რეაბილიტაციის რეჟიმში გადაყვანილი.

აშშ-ის გენერალური პროკურორის − ერიკ ჰოლდერისა, და ევროკომისარ სესილია მალმსტრომის მიერ ორგანიზებული მეორე მინისტერიალი „გლობალური ალიანსი ინტერნეტის საშუალებით ბავშვზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ 2014“ ვაშინგტონში გაიმართა.

 

ბავშვზე ძალადობა
ბავშვზე ძალადობა

გლობალურ ალიანსის მიზანია, ერთად ებრძოლონ სულ უფრო მზარდ დანაშაულებრივ ქსელს, რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალით ვაჭრობს ინტერნეტზე, და რომლის უკანაც, ხშირ შემთხვევაში, პედოფილთა ორგანიზებული ჯგუფები დგანან.

 

გლობალური ალიანსი ოთხი ძირითადი პრინციპის გარშემო ერთიანდება. პირველ რიგში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიკაცია, მათი გამოხსნა დამნაშავის ხელიდან და რეაბილიტაცია; დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და ადეკვატური სასჯელის შერჩევა; ცნობიერების ამაღლება ბავშვების მიერ ინტერნეტის შეუზღუდავად გამოყენების რისკების შესახებ; ინტერნეტში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების მოთავსებისა და გადაცემისთვის ბარიერების შექმნა და ბავშვთა რევიქტიმიზაციის თავიდან აცილება.

კონფერენცია „გლობალური ალიანსი“ ინტერნეტის საშუალებით ბავშვზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ წელს მეორედ გაიმართა. კონფერენცია როტაციის პრინციპით ტარდება და მას ალიანსის წევრი ქვეყნები რიგრიგობით უმასპინძლებენ. ორი წლის წინ პირველი მინისტერიალი ბრიუსელში ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი