ახალი ამბები

“მიზანმიმართულად ვაწვდიდი მცდარ ინფორმაციას” – ხაბაძე “TV პირველის“ ფარულ ჩანაწერზე

3 აპრილი, 2019 • 2348
“მიზანმიმართულად ვაწვდიდი მცდარ ინფორმაციას” – ხაბაძე “TV პირველის“ ფარულ ჩანაწერზე

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ ფარულ ჩანაწერში, რომელიც “TV პირველის“ ეთერში გავიდა, საკუთარ ხმას ვერ ცნობს, თუმცა მსგავსი შინაარსის თემებზე, მისი შეფასებით, საეჭვო პირებთან სხვა დროსაც უსაუბრია და მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციას აწვდიდა.

არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სამი წელი და 8 თვე იმუშავა. მანამდე იგი „ქართუ ბანკის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი იყო. ჩანაწერში ხაბაძე საუბრობს, რა გახდა მისი წასვლის მიზეზი და სხვა ფაქტორებთან ერთად დაბალ რეიტინგზე საუბრობს.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, ხაბაძე ამბობს, რომ მისი წასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა, რომელიც მაშინ აქტიურ პოლიტიკაში არ იყო.

“ვერ ვიხსენებ, ჩემი ხმა ასე მოსმენილი არ მაქვს.. ეს ვინ არის?. ვერ ვაფიქსირებ, ხმას ვერ ვცნობ. ძალიან რთულია შეამოწმოთ ამის [ჩანაწერის] ავთენტურობა.. შეგიძლიათ, ექსპერტიზა ჩაატაროთ, მაგრამ მე ვერ ვიხსენებ. მე ვერ ვცნობ ჩემს ხმას … შენი ხმა შენ რომ გესმის, სხვანაირია, მაგრამ ჩანაწერში სხვანაირი. შეიძლება, ჩემი ხმა არის, მაგრამ მე მინდა ერთ კონკრეტული რამ დავაფიქსირო ზოგადად:

ჩემი წასვლის შემდეგ ძალიან ბევრი ცდილობდა იმის გარკვევას, მათ შორის, ასე ვთქვათ, პროვოკატორების მსგავსი პიროვნებები და მათი გააქტიურება ჩემი წამოსვლის მიმართ მაინტერესებდა მეც…მაშინ რა პოზიციაც მქონდა – ვაფიქსირებდი იმას, რაც მათ აინტერესებდეთ და  კითხულობდნენ.. ვაფიქსირებდი იმიტომ, რომ იმ ადრესატამდე მისულიყო ის, რაც მათთვის იყო საინტერესო. მიზანმიმართულად ვაწვდიდი მცდარ ინფორმაციას.. რამდენიმე იყო, ეს ჩანაწერი შეიძლება იყოს ავთენტური ან არ იყოს, ზუსტად ვერ გეტყვით. ჩემს ხმას ვერ ვცნობ, იმ პიროვნებასაც ვერ ვცნობ, სავარაუდოდ, იმ 3-4 პიროვნებიდან ერთ-ერთი იქნება.

ყველა ეს 3-4 პიროვნება, რომელიც დავაფიქსირე, ყველას ერთი და იგივე ნარატივი ჰქონდა, ერთი და იგივე კითხვები ჰქონდათ და რაღაც პროვოკაციული მომენტი იყო.

აინტერესებდათ ზუსტად ის, რომ რაღაც დაძაბულობა შემეტანა… უფრო სწორად, დაძაბულობის შეტანა კი არ მინდოდა, ამათ რა ინფორმაციაც მოიტანეს, მე დავადასტურე. ზუსტად ის მაინტერესებდა, თუ რა აინტერესებდათ ამათ და რა მიზანი ჰქონდათ ამ პროვოკაციების მიღმა. რა შეიძლება ყოფილიყო,” – ასე ხსნის ჩანაწერის შინაარს ხაბაძე “ტვ პირველთან” საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ საუბრობს ის ჩანაწერში ვოლსკიზე და აქვს თუ არა მასთან რაიმე კავშირი, ხაბაძე ამბობს რომ თავად მის მიერ ხსენებული პირები ეკითხებოდნენ გია ვოლსკის პოზიციის შესახებ. კითხვაზე, იცოდა თუ არა ვოლსკიმ, რომ ხაბაძემ მისი სახელი სიცრუისთვის გამოიყენა, ის პასუხობს – “მისი სახელის გამოყენება საჭირო იყო სხვადასხვა მიზნებისთვის”.

ხაბაძე ასევე ამბობს, რომ “ქართულ ოცნებაში” არ იცოდნენ, რომ ე.წ. პროვოკატორებს მიზანმიმართულად აწვდიდა ცრუ ინფორმაციას.

“უმნიშვნელოდ ვთვლიდი მე, როდესაც ჩემ მიმართ მიდიოდა რაღაც კამპანია. მაშინ უმნიშვნელო იყო ეს საკითხი, მე არაფერს წარმოვადგენდი და წამოვსულიყავი თანამდებობებიდან, ვიყავი რიგითი… დეპუტატიც არ ვიყავი, სავარაუდოდ,” – ამბობს ხაბაძე.

ჟურნალისტმა ყოფილ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილზეც ჰკითხა. კითხვაზე, თუ რატომ ესაუბრა ხაბაძე ივანიშვილს მისი გადადგომის შესახებ, ხაბაძე ამბობს, რომ ივანიშვილი პარტიის დამფუძნებელი და გუნდის ლიდერია.

“მე ჩანაწერში ვთქვი, სისხლის გამოცვლაა საჭირო, ის 3-4 წელი, რაც გამოვიდა ჩემი პერიოდი… პირველ რიგში, იმას დავაფიქსირებ, რომ მის პერიოდში მოხდა ჩემი დანიშვნა, მისი პრემიერობის დროს. ასევე ის არის “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ჩვენი ლიდერი და ყოველთვის იყო ჩვენი ლიდერი.

პარტიის ლიდერი იყო და დამფუძნებელი. [ის წასული იყო] მაგრამ მე მაინც დავურეკე და ვუთხარი, რომ გადაწყვეტილი მაქვს წასვლა,” – ამბობს ხაბაძე.

ვრცლად ამ თემაზე:

http://batumelebi.netgazeti.ge/news/192985/

მასალების გადაბეჭდვის წესი