ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში საპარლამენტო არჩევნები ახალი კოდექსით ჩატარდება

30 სექტემბერი, 2014 • • 1152
ყარაბაღში საპარლამენტო არჩევნები ახალი კოდექსით ჩატარდება

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ეროვნული კრების ბოლო სხდომის დროს პირველი მოსმენით მიიღეს ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომელიც დეპუტატებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სრბუი არზუმანიანმა წარუდგინა.

პროექტი 22 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. მეორე მოსმენა ერთი თვის შემდეგ გაიმართება, მანამდე კი ეროვნული კრების წამყვანი კომისია დამატებითი განხილვების გამართვას აპირებს.

ახალი საარჩევნო კოდექსის ირგვლივ განხილვები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტი ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ღია განხილვისთვის. ეროვნული კრების სხდომამდე გაიმართა საპარლამენტო მოსმენები, რომელშიც, ასევე, მონაწილეობდნენ სომხეთის პარლამენტის წევრები, ყარაბაღში მოქმედი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა ნაწილი საკუთარი წინადადებებით გამოვიდა.

საარჩევნო კოდექსში, რომელიც 2004 წლის დეკემბრიდან მოქმედებს, უკვე ხუთჯერ შევიდა ცვლილებები და დამატებები. მას შემდეგ რესპუბლიკაში ოთხჯერ ჩატარდა არჩევნები. დღესდღეობით, ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ახალი კოდექსის მიღების აუცილებლობა გაჩნდა, რომელშიც ძირითადი ცვლილებები დაკავშირებულია საარჩევნო კომისიის კოორდინირებულ მუშაობასთან და მისი წევრების ანაზღაურების გაზრდასთან, პოლიტიკური ძალების პირველადი რეგისტრაციის ვადების შემცირებასა და არჩევნების შედეგების გასაჩივრების ვადის გახანგრძლივებასთან, ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესის დაზუსტებასა და წინასაარჩევნო შენატანების დაბრუნების მექანიზმთან. რაც შეეხება კანდიდატების რაოდენობის ლიმიტს პროპორციული სისტემით არჩევნებისას, ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ეს უნდა გადაწყვიტონ პოლიტიკურმა ძალებმა კონსესუსის გზით. ამის თაობაზე მან საპარლამენტო მოსმენების დროს განაცხადა.

რა წინადადებები გამოითქვა საპარლმენტო მოსმენების დროს?

კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის, გრანტ მელკუმიანის აზრით, წინასაარჩევნო შენატანის გაზრდა მიუღებელია, რამდენადაც არასაპარლამენტო პარტიებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ. კომპარტიის თავმჯდომარის თქმით, ასევე, მაღალია 5%-იანი ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად და მისივე მოსაზრებით, ეროვნულ კრებაში პლურალიზმის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პარტიებს მეტი შესაძლებლობა მიეცეთ. იგი ასევე მიიჩნევს, რომ პარტიის წევრები არ უნდა იყვნენ ჩართული საარჩევნო კომისიებში და მხოლოდ ნდობით აღჭურვილი პირების როლში უნდა გამოდიოდნენ.

გრანტ მელკუმიანმა და დეპუტატმა არევიკ პეტროსიანმა ყურადღება გაამახვილეს ხელმოწერების შეგროვების პრინციპით კანდიდატების წამოყენების საკითხზეც, რაც არ არის მოქმედ კოდექსში.

საკუთარი წინადადებები წარმოადგინა, ასევე, ყარაბაღში მოქმედი კიდევ ერთი პარტიის “ეროვნული აღორძინების” თავმჯდომარემ, აიკ ხანუმიანმა.

მისი პირველი წინადადება ეხება სიების პრობლემას იმ ამომრჩევლების შესახებ, რომლებმაც უკვე მისცეს ხმა. კოდექსი კრძალავს ამ დოკუმენტის გამოქვეყნებას, კოპირებას და ა.შ.

“ვფიქრობ, ეს ვითარება ხელს უშლის შედეგების გაპროტესტების უფლების განხორციელებას და არის ხმების გადათვლისთვის ბარიერი. ეს პუნქტი ან უნდა ამოვიღოთ, ან ახალი პუნქტი უნდა შემოვიდეს, რომელიც გადათვლის დროს სიების მონაცემების გამოყენების საშუალებას მოგვცემს, მათ შორის, მათი გამოქვეყნების გზითაც,” – განაცხადა მან.

მეორე წინადადება ეხება 29-ე მუხლის მეორე პუნქტს, რომელიც, მისი აზრით, ზღუდავს სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას უცხოური (მათ შორის სომხური) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. კოდექსის ამ მუხლის მიხედვით, მათი მოწვევა შეუძლია მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ეროვნული კრების თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, ცესკოს. ხანუმიანის აზრით, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებული უნდა იქნას კოდექსიდან.

საინტერესოა მისი მესამე წინადადება, რომელიც ეხება პროპორციულ, პარტიულ სიებში ქალების ჩართულობას. კანონის მიხედვით, პროპორციულ სიებში 20%-ს უნდა შეადგენდნენ ქალები, ასევე, სიის ყოველი მეათე კანდიდატი უნდა იყოს ქალი.

“არწახის საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რომელიმე პარტიამ მიიღო 9 სადეპუტატო მანდატზე მეტი. შესაბამისად, თეორიულად, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ პარლამენტი ქალების გარეშე. იმპერატიული მოცემულობა ქალების პროპორციულ სიებში ჩართვის შესახებ უნდა იყოს დადგენილი შემდეგნაირად: პროპორციულ სიებში 20%-ს უნდა შეადგენდნენ ქალები და პროპორციულ სიაში ყოველი მეხუთე კანდიდატი უნდა იყოს ქალი”.

რთული სათქმელია, ეს წინადადებები, ან მომავალში რა შენიშვნებიც გამოითქმება, როგორც აისახება ახალ საარჩევნო კოდექსში. კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც პროექტი ეროვნულ კრებაში შევა მეორე მოსმენისთვის.

ჯერ უცნობია, ასევე, როდის იქნება განსაზღვრული მანდატების განაწილება მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემას შორის, თუმცა უკვე ნათელია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ძალებისთვის. მაგალითისთვის, საპარლამენტო პარტია – “სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუთიუნი” გამოდის 100%-ით პროპორციული სისტემის მომხრედ. ამის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს ორ სხვა საპარლამენტო პარტიას – “თავისუფალი სამშობლო” (რომელსაც ყველაზე მეტი მანდატი აქვს) და “არწახის დემოკრატიული პარტია” (მანდატების რაოდების მიხედვით მეორე ადგილზე მყოფი პარტია).

 

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე 33-დან 17 დეპუტატი აირჩეოდა პროპორციული სისტემით და 16 – მაჟორიტარული წესით. ამჟამინდელ პარლამენტში 4 ქალი დეპუტატია.

ჯერ უცნობია, რამდენი პარტია მიიღებს მონაწილეობას მომავალი წლისთვის დაგეგმილ არჩევნებში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამი საპარლამენტო პარტია და ერთი არასაპარლამენტო პარტია – “ეროვნული აღორძინება”, აპირებს მონაწილეობას.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მონაცემებით, ყარაბაღში ამ დროისთვის რეგისტრირებულია 11 პარტია, რომელთაგან ერთი ახლხახან დაფუძნდა.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი