ნეტგაზეთი | ქართველი და ოსი აქტივისტების შეხვედრების მიზნები და შედეგი ქართველი და ოსი აქტივისტების შეხვედრების მიზნები და შედეგი – Netgazeti
RU | GE  

ქართველი და ოსი აქტივისტების შეხვედრების მიზნები და შედეგი

ცოტა ხნის წინ Berg_man-ის ბლოგპოსტი წავიკითხე, რომელიც აფხაზების, ოსებისა და ქართველების ერთობლივი შეხვედრების თემას განიხილავდა. Berg_man-ის აზრით, აფხაზეთისა და ოსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არ იციან, რომ მათი ქართველი კოლეგები მათთან ერთად დადიან სხვადასხვა შეხვედრაზე, განიხილავენ მშვიდობის საკითხებს და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისევ თავის მოსაზრებაზე რჩებიან, გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ ასეთი შეხვედრებით შეუძლიათ თავიანთ მხარეს გადაიბირონ აფხაზები და ოსები.

რაღაცაში შეიძლება დაეთანხმო ბერგმანს იმის გამოკლებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აფხაზეთიდან და ოსეთიდან მშვენივრად ესმით, თუ რატომ ხვდებიან მათ ქართველი კოლეგები, ისევე როგორც NGO-ების ქართველმა წარმომადგენლებმა იციან, რომ მათ ოპონენტებს შესაძლოა სრულიად განსხვავებული შეხედულებები აღმოაჩნდეთ ერთობლივ შეხვედრებზე.

 

2013 წლის მარტში რადიო “თავისუფლების” ქართულენოვანი სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ცნობილ ქართველ დოკუმენტალისტ მამუკა ყუფარაძესთან. წამყვანის შეკითხვაზე, რა აზრი აქვს ამ შეხვედრებს, ყუფარაძემ უპასუხა: “უნდა გამოვიდეთ იმ ამოცანიდან, თუ რა გვინდა ჩვენ. ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ გვინდა აფხაზებთან და ოსებთან ერთად თანაცხოვრება ერთ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მიზანი”.

 

მართალია, სტატიებს ქართულ ენაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკვე დიდი ხანია აღარ კითხულობენ.

 

ყუფარაძემ, ასევე, თქვა, რომ კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ მონაწილეობს ამ შეხვედრებში, არის ურთიერთობის და ნდობის აღდგენა. მისი თქმით, ის წარმოადგენს მედიაორგანიზაციას, რომელიც ხშირად ამზადებს დოკუმენტურ ფილმებს, რეპორტაჟებს კონფლიქტზე და ასეთი შეხვედრები ძალიან სასარგებლოა მისთვის, რადგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და მათთან ინტერვიუების ჩაწერის შესაძლებლობა ეძლევა.

 

მამუკა ყუფარაძემ მოკლედ აღწერა მიზეზები, რის გამოც ადამიანები დადიან ასეთ შეხვედრებზე. და მართლაც, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ არასამთავრობოების წარმომადგენლებს საქართველოდან სურთ ასეთი შეხვედრების გზით დააბრუნონ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოში. ცხადია, მიზნები ამბიციურია და ნაკარნახევია საზოგადოების მოთხოვნილებებიდან და არა თავად შეხვედრების მონაწილეების პირადი არჩევანიდან გამომდინარე, მაგრამ, ასევე, ამბიციურად გამოიყურება ოსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიზნებიც. როგორც ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ მონაწილეებს, შეხვედრების მიზანია ის, რომ ოს სამოქალაქო აქტივისტებს სურთ აუხსნან ქართველ კოლეგებს, რომ ერთობლივი ცხოვრება უკვე შეუძლებელია და ქართული საზოგადოებისთვის უკეთესია აღიარონ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

ისე გამოვიდა, რომ თავად შეხვედრებზე ამ იდეებს თითქმის არავინ ახმიანებს. ღია საუბრები ამ ურთიერთობის მიზნების შესახებ იყო იმ შეხვედრებზე, რომლებშიც მეც მქონდა მონაწილეობის საშუალება ქართველ კოლეგებთან ერთად “საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ფორუმის” ფარგლებში. ეს პროექტი ხორციელდებოდა ჰოლანდიური ორგანიზაციის, IKV Pax Christi-ის მხარდაჭერით. როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრების სურათი ასეთია: ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, ერთობლივად გადიან რაღაც ტრენინგებს, ერთად შეუძლიათ განახორციელონ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები და ამით სრულდება საქმიანობის მთელი სპექტრი.

 

აფხაზეთის, საქართველოს და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური სტატუსის თემაზე კონსტრუქციული დისკუსია არ არსებობს. დისკუსია ხშირად ჩხუბში გადადის, რომელიც არავერბალური “შეთანხმებით” წყდება, რომ შეხვედრებისგან მხოლოდ ჩხუბი არ გამოვიდეს. ამგვარად, ასეთი კამათის დროს არათუ ჭეშმარიტება არ იბადება, არამედ ჩანასახიც კი არ წარმოიშობა.

 

ერთხელ შევეცადე საუზმის დროს ამეხსნა ქართველი ჟურნალისტისთვის (ერთად ვმონაწილეობდით ერთ-ერთ სემინარში) მიზეზი, თუ რატომ იღებდნენ სამხრეთ ოსეთში რუსულ პასპორტებს, მაგრამ მან არც კი მომისმინა. თქვა, რომ ეს “კრემლის ზღაპრები” იცის რუსული მედიიდან. კითხვაზე, თუ რომელ ოსურ მედიასაშუალებებს ან ბლოგებს კითხულობს, მიპასუხა, რომ არც ერთს, მაგრამ მითხრა, რომ მას ჰყავს დეიდა ადლერში და შეუძლია ჰკითხოს ყველაფერი, რაც აინტერესებს. პასუხი ამომწურავი იყო!

 

არიან არასამთავრობოების ისეთი წარმომადგენლებიც, რომლებიც შეხვედრებზე დადიან მხოლოდ იმისთვის, რომ შოპინგი მოიწყონ სხვა ქვეყანაში. 2013 წელს ვიყავი პრაღაში სემინარზე ჟურნალისტებისთვის ჩრდილო და სამხრეთ კავკასიიდან და ვუყურებდი, რა ცხოველი ინტერესით განიხილავდა ზოგი ჩემი კოლეგა შოპინგის თემას. საინტერესოა ის, რომ ეს იყო ერთადერთი თემა, რომელიც ერთობლივად განიხილებოდა სემინარის შემდეგ.

 

კიდევ ერთი სახასიათო შტრიხი ამ შეხვედრებისა არის ის, რომ ინტერნეტანგარიშები ან, უბრალოდ, რეპორტაჟები მათ შესახებ თითქმის არ არსებობს აფხაზურ და ოსურ მხარეებში. მხოლოდ ქართველი მონაწილეები იძლევიან აქტიურად ინტერვიუებს, კომენტარებს ამ თემებზე. მათ არ შეუძლიათ ეს გააკეთონ თავიანთი კოლეგების ნაცვლად, თუნდაც, სამხრეთ ოსეთიდან. მაგრამ როდესაც ერთი ღონისძიების შესახებ ინფორმაციას მარტო ერთი მხარე ახმიანებს, ცხადია, ამის შესახებ შეხვედრის მხოლოდ ერთი მონაწილის სუბიექტურ მოსაზრებებს გაიგებ.

 

ერთხელ ვუსმენდი ერთი ქართველი ჟურნალისტის ინტერვიუს, რომელიც ყვებოდა მორიგი ერთობლივი შეხვედრის შესახებ, სადაც გამართა თავისი პატარა დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია. მან ერთ-ერთ ქართულ რადიოს მისცა ინტერვიუ. წამყვანმა კითხა, როგორ შეხვდნენ აფხაზი და ოსი კოლეგები ფილმის სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა ომის თემას? ფინალური კითხვა იყო – რა ალტერნატიული ფილმები წარმოადგინეს მისმა აფხაზმა და ოსმა კოლეგებმა? ჟურნალისტმა უპასუხა, რომ კოლეგებს ფილმები არ ჰქონდათ და გაიცინა.

 

“აი, საინტერესოა, რომ ასეთი ომის შემდგომი ანალიზით მხოლოდ ჩვენ ვართ დაკავებული,” – ხაზი გაუსვა წამყვანმა მისი რესპუბლიკის წარმომადგენლის მნიშვნელობას.

 

იქნებ, უბრალოდ, უნდა გაეფრთხილებინათ აფხაზი და ოსი კოლეგები, რომ ისინიც აუცილებლად დოკუმენტური ფილმებით მისულიყვნენ შეხვედრაზე?! შეკითხვა, რა თქმა უნდა, რიტორიკულია.

 

ზოგჯერ არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ ერთობლივ ტრენინგებში და შეხვედრებში, ხდებიან სახელმწიფო მოხელეები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალ ამპლუაში ისინი უფრო დემოკრატიული ხდებიან. მაგალითად, სამხრეთ ოსეთში არც ერთ სახელმწიფო მოხელე, რომელიც ადრე იყო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, არ გამხდარა დემოკრატიული სახელმწიფო მოხელე. უფრო მეტიც, შემდეგ ისინი ისე ექცევიან NGO-ების წარმომადგენლებს, როგორც “მეორეხარისხოვან” თანამოქალაქეებს. აფხაზეთში განსხვავებული ვითარებაა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ხდება სახელმწიფო მოხელე, აცნობიერებს, რომ ხვალ შესაძლოა დაკარგოს თანამდებობა და შეუძლია ისევ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი გახდეს. საქართველოში სხვადასხვაგვარადაა: არის როგორც ერთი, ისე მეორე შემთხვევაც.

 

დამამახსოვრდა ისტორია, როდესაც პაატა ზაქარეიშვილი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონაწილე არასამთავრობოების ერთობლივი შეხვედრებისა, 2012 წელს გახდა საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი, პირველივე ინტერვიუს შემდეგ მისი ციტატები განიხილებოდა სოციალური ქსელების აფხაზ და ოს მომხმარებლებს შორის.

 

ზაქარეიშვილი არწმუნებდა ქართულ საზოგადოებას, რომ ქართველების ოსებთან კონტაქტის დამყარებას ხელს უშლიდნენ მხოლოდ რუსები.

 

“დღემდე პრობლემა იყო იმაში, რომ სააკაშვილი არ ელაპარაკებოდა აფხაზებს და არ ახდენდა ზეწოლას რუსეთზე, ამიტომ მათ აწყობდათ სააკაშვილი. სააკაშვილი იყო საკმაოდ აგრესიული მათ მიმართ და ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, რაც რუსებს აფხაზეთის დაცვის საშუალებას აძლევდა. ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ ასეთი აგრესია აღარ იქნება და ჩვენ გადავალთ ერთმნიშვნელოვანი თანამშრომლობის რეჟიმზე, ანუ ისეთი ნაბიჯები გადაიდგმება, რაზეც აფხაზებს უარის თქმა გაუჭირდებათ, რაც კიდევ უფრო შეასუსტებს სეპარატისტების გავლენას ამ საზოგადოებაზე,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა მისი დანიშვნის შემდეგ.

 

ოსი ბლოგერის, როინ ბიბილთის თქმით, გაუგებარია, რატომ მიიჩნევს ზაქარეიშვილი, რომ ამჯერად ყველა მათი მცდელობა, პირდაპირ კონტაქტზე გავიდნენ ოსებთან და აფხაზებთან, კოლოსალურ შესაძლებლობებს მისცემს საქართველოს იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ ოსეთელების ქვეყანას ის უწოდებს “ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს”.

 

“ნუთუ, მართლა ჯერათ ამ გამოგონილი თეზისების? იქნებ მართლაც ღირდეს, რომ მმართველმა რეჟიმმა ამ თემაზე ტაიმ-აუტი აიღოს? კიდევ ერთხელ რომ არ აღმოჩნდნენ ცნობილი პოლიტიკური თაღლითის როლში?” – წერდა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი როინ აგრბა.

 

ასეა თუ ისე, ერთობლივი შეხვედრები, გამოცდილების, აზრების და ეჭვების გაზიარება ეხმარება აფხაზ, ქართველ და სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო ატივისტებს იცნობდნენ ერთამენთს არა მხოლოდ რუსეთის და დასავლეთ ევროპის ჟურნალისტების სტატიებიდან, არამედ ცოცხლად, უშუალო და შეუზღუდავი ურთიერთობით. ამასთან, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს: მონაწილეობენ დაპატიმრებულთა დახმარების პროცესში, რომლებიც იმყოფებიან ორივე მხარის სასაზღვრო ციხეებში. არის შემთხვევები, როცა ათავისუფლებენ დაკავებულებს არასამთავრობოების წარმომადგენლების დახმარებით. დაკავებულები, ფაქტობრივად, “ომის ტყვეები” – ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა, რაც დაგვიტოვა “მემკვიდრეობით” ომმა.

 

ხშირად სამოქალაქო აქტივისტები არ წერენ ამის შესახებ იმათი ინტერესების გათვალისწინებით, ვისაც ეხმარებიან ციხეებში, რათა არ იქცნენ “განტევების ვაცად” ხელისუფლებების მორიგი თამაშების დროს. მაგრამ შემთხვევები, როდესაც რეალურად ეხმარებიან NGO-ები მათ ყველა მხრიდან, არის და იმედია, მომავალშიც იქნება.

 

დამამახსოვრდა ციტატა ერთობლივი სემინარიდან, რომელიც კვიპროსში ჩატარდა 2011 წელს. ერთმა მონაწილემ კითხა ტრენერს:


– “რა ვქნათ, თუკი საზოგადოება ჩვენგან პატრიოტიზმს მოელის და ჩვენ ამას ვერ გავამართლებთ?”


– “უნდა იყო თავისუფალი, როგორც ოფიციალური ხელისუფლების, ისე საზოგადოების მოსაზრებებისგან,” – უპასუხა ტრენერმა.

 

რევოლუციონერები საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ჯერ არ არიან, მაგრამ მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც ეწევიან ჰუმანიტარულ ან სამშვიდობო საქმიანობას, იმის მიუხედავად, სძულთ თუ არა თავიანთი ოპონენტები, ან სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები აქვთ. ვფიქრობ, აქ შედეგები შეიძლება მივიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანები იხელმძღვანელებენ არა გრანტის მოცულობით, არამედ რეალური ჰუმანიტარული ან პაციფისტური პრინციპებით.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მარია პლიონი სპეციალურად ნეტგაზეთისთვის, ბლოგერი სამხრეთ ოსეთის გაზეთ “21-ე საუკუნის” რედაქტორის მოადგილე