აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
“ერთიანი საჰაერო ცის შეთანხმების“ შესაბამისად, რომელიც სამოქალაქო ავიაციის დარგში წარმოადგენს ასოცირების ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს, საქართველოს საავიაციო კანონმდებლობაში მიმდინარეობს მთელი რიგი ცვლილებები ევრორეგულაციებისა და სხვადასხვა დირექტივების დანერგვის, ასევე, ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად თანამედროვე საერთაშორისო და ევროპულ მოთხოვნებთან.
საქართველოს საავიაციო კანონმდებლობაში უკვე განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, განახლებული საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტებთან სრულად შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით (დადგენილი პრაქტიკისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) შესაბამისი დოკუმენტების მოთხოვნების საფუძველზე და ICAO–ს ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციის გათვალისწინებით), აუცილებელი გახდა ქართული ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელი 11 ავიაკომპანიის რესერტიფიცირება, რაც უზრუნველყოფს ბევრად უფრო უსაფრთხო ფრენებს, დაცულ გარემოს, ასევე ხელს შეუწყობს მგზავრთა უფლებების დაცვას და დარგის თანმიმდევრულ განვითარებას” – ნათქვამია განცახდებაში.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორამციით, ადგილობრივი ექსპლუატანტების რესერტიფიცირების პროცესის დასრულებამდე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დროებით შეაჩერა ახლად დაფუძნებული ქართული ავიაკომპანიებისგან ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღებისთვის განაცხადების მიღება. მოქმედი ქართული ავიაკომპანიების რესერტიფიცირების პროცესის დასრულებისთანავე, რომელიც მიმდინარეობს დადგენილი გეგმის თანახმად და რომელშიც ჩართული არიან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებიც, სააგენტო სრულად აღადგენს ახალი განაცხადების მიღების პროცესს, რაც, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის ბოლომდე.

ეკონომიკის სამონისტროში განმარტავენ, რომ ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს მიმართულებით განსახორციელებელი ფრენების ნებართვების მიღებასთან (როგორც უცხოური, ასევე ქართული ავიაკომპანიების მიერ), ვინაიდან საერთაშორისო მიმოსვლა რეგულირდება ორმხრივი და მრავალმხრივი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებით.
