ახალი ამბები

შეიძლება ვიღაც იღებდა, მე რავიცი – სააკაშვილი პირადი ცხოვრების კადრების ჩაწერაზე

2 აპრილი, 2019 • 1956
შეიძლება ვიღაც იღებდა, მე რავიცი – სააკაშვილი პირადი ცხოვრების კადრების ჩაწერაზე

“არასოდეს ჩემი ხელისუფლების დროს პირადი ცხოვრების კადრი არ გასულა. შეიძლება, ვიღაც იღებდა, მე რა ვიცი”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2 აპრილს რუსთავი 2-თან ინტერვიუში. მან ასე უპასუხა არხის დირექტორისა და წამყვანის კითხვას, რომ დეპუტატი ეკა ბესელია სააკაშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებაში.

“საიდან უნდა მცოდნოდა? მაგის გაკონტროლება შეუძლებელია. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ეს არ კონტროლდება. თავს მოვაძრობდი ყველას, რომ გამეგო, რომ ჩაწერეს ბესელია. ამიტომ არასოდეს გამოსულა ჩვენს დროს. ჩემგან ოდესმე გაგიგიათ ჭორაობა? ივანიშვილი ჭორაობს.. “ – აცხადებს სააკშვილი და ამავე ეთერში ასევე ჰყვება:

“მაგარი რაღაცაა. ჩვენმა ბიჭმა გაიცნო რუსეთის გრუს მოქმედი ოფიცერი ქალი, საელჩოს საფარქვეშ მუშაობდა, ყველაფერი ქნა იმასთან, თან გადაიღო და ახლა ოპერატიულ დამუშავებას ვიწყებთო და დავითრევთო. იცი, რა ვუთხარი? დაუყოვნებლივ გაანადგურეთ კადრები-მეთქი. ვერ გაიგო, რა ვუთხარი. ჩვენ არ ვიყენებთ პირადი ცხოვრების კადრების მტრების წინააღმდეგაც კი”.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალაბი სააკაშვილის ხელისუფლების დროს გადაიღეს და მისი დაშანტაჟება სცადეს. ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამაც განაცხადა, რომ 2011 წელს მას უთხრეს, რომ მისი პირადი ცხოვრების კადრები ჰქონდათ გადაღებული.

2012 წელს, “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შსს-მ განაცხადა, რომ სამეგრელოში, კასრებში დამალული ათასობით პირადი ცხოვრების კადრები იპოვეს. ეს კადრები მაშინ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ოფიციალური ინფორმაციით, განადგურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი