ახალი ამბები

ექსპერტიზა: 4 წლის დაშავებულ ბავშვს ბლაგვი საგნით 3 დაზიანება აქვს მიყენებული

29 სექტემბერი, 2014 • • 1155
ექსპერტიზა: 4 წლის დაშავებულ ბავშვს ბლაგვი საგნით 3 დაზიანება აქვს მიყენებული

“სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა საფეთქლის ორი სისხლნაჟთღენთის და მარცხენა ლოყის და ზემო ტუჩის თითო ნაჭდევის სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) არაერთჯერადი მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე,” – ნათქვამია “დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის” დასკვნაში.

 

ბავშვის მშობლები კონკრეტულად არავის ადანაშაულებენ, თუმცა საუბრობენ ბაღის ადმინისტრაციის გულგრილ გამოკიდებულებაზე.

 

“ერთი ვერსია იყო, რომ არ იცოდნენ, მეორე ვერსია იყო, რომ თვითდაზიანება მიიყენა, მესამე იყო, რომ ბავშვებმა იჩხუბეს, ახლა აღმოჩნდა, რომ ფონენდოსკოპით დააზიანა ბავშვმა ბავშვი. მე მესმის, რომ შეიძლება ნებისმიერი რამე მომხდარიყო ბაღში, მაგრამ სამჯერ ზიანი რომ მიაყენეს ბავშვს, სად იყვნენ ამ დროს ძიძა და პედაგოგი,” – ამბობს თამუნა, ბავშვის დედა.

 

დაზარალებული ბავშვის მშობლებმა საპატრულო ეკიპაჟი იმავე დღეს გამოიძახეს, თუმცა პოლიციამ პირველ გამოძახებაზე შემთხვევა მნიშვნელოვნად არ მიიჩნია და გამოძიება არ დაუწყია. შსს საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელძღვანელმა ანა აბაშიძემ შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართა.

 

“იყო ზედაპირული დამოკიდებულება ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შედეგშიც: ისინი არც კი დაუკავშირდნენ საგამოძიებო ნაწილს და ვერ მიაწოდეს ადეკვატური ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით,”– ამბობს “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ანა აბაშიძე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 125–ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო.

 

“დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრმა” დაზარალებულ ბავშვს ექსპეტიზა მშობლების დაინტერესებით ჩაუტარა. დღეს ბავშვის მდგომარეობა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც შეისწავლა, რომლის პასუხი 30 დღის ვადაში გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი