ახალი ამბები

ციხეების ნაწილში გავრცელებულია ბაღლინჯოები და ტარაკნები – ომბუდსმენი

1 აპრილი, 2019 • 1373
ციხეების ნაწილში გავრცელებულია ბაღლინჯოები და ტარაკნები – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გეგმური სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, წინა წლების მსგავსად, 2018 წლის განმავლობაში პრობლემური იყო ციხეების ნაწილში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.

ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც დღეს, პირველ აპრილს გამოქვეყნდა.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები პრობლემურია მე-2, მე-8, მე-12, მე-14, მე-15, მე-17, მე-18 და მე-19 დაწესებულებებში. მე-2, მე-8, მე-15, მე-16 და მე-17 დაწესებულებებში კი გავრცელებულია მწერები. სახლახო დამცველის ცნობით, ვიზიტების დროს ომბუდსმენის მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა თავად იხილეს ტარაკნები და ბაღლინჯოები ფსიქოლოგების სამუშაო ოთახებში, საცხოვრებელ საკნებსა და სამარტოო საკნებში. ჯგუფის წევრებს არაერთმა პატიმარმა აჩვენა მწერის ნაკბენები.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში პრობლემური იყო სათანადო ვენტილაცია, საკმარისი განათება და ყველა მსჯავრდებულისთვის პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლით დადგენილი 4 კვ.მ. მინიმალური პირადი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. გარდა ამისა, არ შესრულებულა სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული წინადადება ბრალდებულების მინიმალურ საცხოვრებელ ფართად 4 კვ.მ.-ის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

“მე-17 დაწესებულებაში კვლავაც ფუნქციონირებს ძველი, ე.წ. ბარაკული ტიპის საცხოვრებლები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაუქმდეს”, – წერს სახალხო დამცველი 2018 წლის ანგარიშში.

ომბუსმენის ანგარიშში ციხეებში არსებულ სხვა არაერთ პრობლემაზეც არის საუბარი. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში.

“საინტერესო და თავშესაქცევი აქტივობების გარეშე საკანში 23 საათი ყოფნა დახურულ და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმრებში აძლიერებს პროტესტის, უსამართლობისა და უიმედობის განცდას, რაც დამატებით პრობლემებს აჩენს წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით”, – მიიჩნევს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის ცნობით, სამეურნეო ნაწილში დასაქმებული, დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პატიმრები არიან სტიგმატიზებული, ციხის საერთო ცხოვრებიდან იზოლირებული და გარიყული არიან. ამავდროულად, არსებობს მათ მიმართ ძალადობის მაღალი რისკი.

“იქმნება შთაბეჭდილება, რომ დაწესებულების თანამშრომლები ანგარიშს უწევენ ციხის არაფორმალურ წესებს და ამით ავლენენ შემგუებლურ დამოკიდებულებას შექმნილი მდგომარეობისადმი” – წერია ომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშში.

რა შეიცვალა უკეთესობისკენ

სახალხო დამცველი ანგარიშში ასევე მიუთითებს ციხეებში გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებზეც. კერძოდ, ომბუდსმენის თქმით, დადებითად უნდა შეფასდეს მე-7 და მე-12 დაწესებულებების დახურვა და იქ მყოფი პატიმრების სხვა, განახლებულ დაწესებულებაში გადაყვანა, ასევე, მე-14 დაწესებულებაში ე.წ. ბარაკული ტიპის საცხოვრებლის გაუქმება. ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის მაცივრით სარგებლობის უფლების მინიჭება. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიესალმება მე-5 დაწესებულებაში სასათბურე მეურნეობისა და ბამბის გადამამუშავებელი საამქროების მოწყობას.

“მისასალმებელია No5 დაწესებულებაში სასათბურე მეურნეობისა და ბამბის გადამამუშავებელი საამქროების მოწყობა. ამასთანავე, მე-5, მე-6, მე-16 და მე-17 დაწესებულებების პერსონალის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

ზემოთ ჩამოთვლილი პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, პენიტენციური სისტემა საჭიროებს მნიშვნელოვან ძირეულ რეფორმებს, რომლთა მიზანიც იქნება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, მსჯავრდებულის ქცევის პოზიტიური ცვლილებისკენ, რეაბილიტაციისა და, შესაბამისად, საზოგადოებაში რეინტეგრაციისაკენ მიმართული სისტემის განვითარება”, – წერს სახალხო დამცველი 2018 წლის ანგარიშში.

დოკუმენტის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი