ახალი ამბები

ადმინისტრაციიდან გაშვებული თანამშრომლები კომპენსაციას მიიღებენ, რაც ჯამში 436 500 ლარია

28 მარტი, 2019 •
ადმინისტრაციიდან გაშვებული თანამშრომლები კომპენსაციას მიიღებენ, რაც ჯამში 436 500 ლარია

რეორგანიზაციის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 63 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს. ნეტგაზეთს ადმინისტრაციის პრესსამსახურში უთხრეს, რომ  რეორგანიზაციის პროცესი 15 მარტს დასრულდა.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ ამ ადამიანების შესახებ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიაწოდეს, რათა უწყებას მათთვის შესაბამისი სამსახური მოეძებნა, რაც ვერ მოხერხდა. მოისწრაფიშვილი განმარტავს, რომ რადგან ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები ვერ დასაქმდნენ, ისინი სახელმწიფოსგან 3 თვის ხელფასს კომპენსაციის სახით მიიღებენ, რაც, ჯამში, 436 500 ლარია.

“პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში. ახალი კანონმდებლობით პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის განისაზღვრა 60 საშტატო ერთეული. ბიუჯეტიც ამ ახალ საკონსტიტუციო მოთხოვნებს მოერგო. ამის გათვალისწინებით 2018 წლის 31 დეკემბერს რეორგანიზაცია გამოცხადდა, რომელიც 15 მარტს დასრულდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა ბევრად მეტი, ვიდრე კანონით განსაზღვრული 60 ადამიანი, ამიტომ გამოცხადდა რეორგანიზაცია,”-აცხადებს პრეზიდენტის პრესსპიკერი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რამდენი ადამიანი მუშაობს ამჟამად ადმინისტრაციაში, ხატია მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულია 60-ზე ნაკლები ადამიანი. მისივე თქმით, თანამშრომლების 60-მდე შესავსებად ვაკანსიების გამოცხადება იგეგმება.

“ამ 63 თანამშრომლისთვის ბიუროს უნდა შეეთავაზებინა მათივე კომპეტენციის გათვალისწინებით სამსახური. ამისთვის უწყებას გარკვეული პერიოდი ჰქონდა. მაგრამ საბოლოოდ ვერც ერთის დასაქმება ვერ მოხერხდა,”- აცხადებს ხატია მოისწრაფიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი