“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ თეიმურაზ ჯანაშიასა და მისი ადვოკატის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა ყადაღა დაედო თეიმურაზ ჯანაშიას საპენსიო ანგარიშს და მას შესაძლებლობა არ ეძლევა ისარგებლოს კუთვნილი პენსიით, არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გამოძიებით დადგენილია, რომ თ. ჯანაშიას საპენსიო ანგარიში გახსნილი აქვს „ლიბერთი ბანკში“, ხსენებულ ანგარიშზე პროკურატურას ყადაღის დადება არ მოუთხოვია და ბრალდებულ თ.ჯანაშიას სრული უფლება აქვს განკარგოს მასზე არსებული საპენსიო თანხა,”- წერია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო ჯანაშიას იმ საბანკო ანგარიშებს, სადაც განთავსებულია მისი პირადი თანხა დაახლოებით 270 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის არსებობაც, პროკურატურის ინფორმაციით, ჯანაშიამ დამალა და არ ასახა საჯარო მოხელის ქონებრივ დეკლარაციაში.
“თეიმურაზ ჯანაშია ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო საჯარო მოხელე და ამ პერიოდში მიღებული შემოსავლები აშკარა შეუსაბამობაში მოდის მის მიერ შეძენილ უძრავ ქონებასთნ და პირად ანგარიშებზე განთავსებულ თანხებთან, რომელთა წარმომავლობა გამოძიების შესწავლის საგანს წარმოადგენს, ვინაიდან შეიცავს საქართველოს სსკ-ის 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) და 355-ე მუხლებით (საჯარო მოხელის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში განზრახ არასრული მონაცემის შეტანა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს,”- წერია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციითვე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო თეიმურაზ ჯანაშიას საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას:
ქ. თბილისში, ა.წერეთელის გამზ. N10-ში მდებარე 112.58 კვ/მ კომერციულ ფართს;
ქ. ყვარელში მდებარე 2391 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს;
ქ. ყვარელში მდებარე 1668 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს;
მცხეთის რაიონში, სოფელ კოტორაანთკარში მდებარე 1500 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს;
ჯანაშიას ყოფილი მეუღლის ხათუნა ნუცუბიძის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას:
ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 800 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს;
ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 2101 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს;
ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N5-ში მდებარე 74.20 კვ/მ საცხოვრებელ ბინასა და 25.10 კვ/მ ავტოსადგომს;
ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-5 კვარტალში მდებარე 62.15 კვ/მ საცხოვრებელ ბინას;
ქ. თბილისში, გაგარინის ქუჩაზე მდებარე 18 კვ/მ ავტოსადგომს;
შვილის ნიკოლოზ თეიმურაზის ძე ჯანაშიას საკუთრებაში არსებულ ქონებას:
ქ. ბათუმში, ნურეთინ ჩარმიქლის ქ.N5-ში მდებარე 53.69 კვ/მ მშენებარე საცხოვრებელ ბინას;
შვილის სანდრო თეიმურაზის ძე ჯანაშიას საკუთრებაში არსებულ ქონებას:
ქ. თბილისში, გაგარინის ქ. N1-ში მდებარე 104 კვ/მ საცხოვრებელ ბინას;
თეიმურაზ ჯანაშიას სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დაახლოებით 270 000 აშშ დოლარს.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალად ედება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 392 827 ლარის გაფლანგვა, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
“ვინაიდან არსებობდა საკმარისი მონაცემები, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშია გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, ასევე გადამალავდა მის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ბრალდებულ თ.ჯანაშიას ქონებას და საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა.”
ოფიციალური ინფორმაციითვე, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან რამოდენიმე დღეში ჯანაშიამ ზემოთ მითითებული ორი უძრავი ქონება ჩუქების გზით გადააფორმა არასრულწლოვან შვილებზე და დააფიქსირა მეუღლეთან განქორწინების ფაქტი.
“აღნიშნული ქმედება ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ჯანაშიას მხრიდან ადგილი ჰქონდა ქონების გადამალვის მცდელობას. ეს ფაქტი სხვა არგუმენტებთან ერთად სასამართლოს მიერ იქნა გაზიარებული და საფუძვლად დაედო ყადაღის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას. დამატებით განვმარტავთ, რომ ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებებაზე ყადაღის დადება არის ღონისძიება, რომლითაც სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე მესაკუთრეებს ეზღუდებათ მხოლოდ ქონების გასხვისება/გახარჯვა. დაყადაღების შემთხვევაში მესაკუთრე ჩვეულებრივ აგრძელებს საკუთარი დაყადაღებული ქონებით სარგებლობას.
რაც შეეხება ქონების ჩამორთმევას, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მოსამართლე, სასამართლო განხილვის შედეგად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ყადაღა და ქონების ჩამორთმევა არის სრულიად განსხვავებული ღონისძიებები და მათი გაიგივება მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,”- წერია განცხადებაში.
როგორც ბექა ბასილაიამ, ჯანაშიას ადვოკატმა დღეს, 23 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანაშიას ორი ინსტანციის სასამართლომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღა, მათ შორის ანგარიში, რომელზეც ერიცხება პენსია, რაც ყოველთვიურად 560 ლარს შეადგენს. ადვოკატის თქმით, ასევე, დაყადაღებულია თემურ ჯანაშიას არასრულწლოვანი შვილის, სიდედრის და ყოფილი მეუღლის ქონებაც, რაც მას უკანონო და ყოველგვარ ლოგიკურ ქმედებას მოკლებულ ფაქტად მიაჩნია.





