პირველი არხის ინფორმაციით, “თავისუფალი თაობის” აქტივისტებმა “თავისუფალი ზონის” ოფისს კვერცხები ესროლეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, სულ 8 ადამიანია დაკავებული:
“დაკავებულია აქციის 8 მონაწილე: 4 პირია დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლით (თვითმმართველობის ერთეულის იერსახის დამახინჯება), 1 პირი – 166 მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), 2 პირი – 173 მუხლით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 1 პირი 166 და 173 მუხლებით”.
როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა კობა ხაბაზმა ნეტგაზეთს განუცხადა, მათი აზრით, ახლად შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” უკან ხელისუფლება დგას:
“ივანიშვილის ხელისუფლებას ფრიად ორიგინალური და სასაცილო იდეა მოუვიდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას [თავისუფალი ზონა] მიტინგებით დაუპირისპირდეს”, – აცხადებს ხაბაზი და დასძენს, რომ “თავისუფალი ზონა” საქმიანობას აგრძელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” სექტემბერში დაფუძნდა. როგორც მისი ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ფეისბუკზე წერს, ისინი “თავისუფალი ზონის” ლიკვიდაციას მოითხოვენ:
“ა.ო”თავისუფალი თაობა” 23 სექტემბერს 15:00 საათზე პეკინის ქუჩა 34-ში აწყობს გამაფრთხილებელ აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის “თავისუფალი ზონის” მიმართ.
მოთხოვნა – “თავისუფალ ზონას” ეძლევა ერთკვირიანი ვადა რათა გამოაცხადოს თვითლიკვიდაცია”, – განაცხადა სადღობელაშვილმა გუშინ, 22 სექტემბერს.
პირველი არხის ცნობით, დღევანდელ აქციაზე ლადო სადღობელაშვილიც დააკავეს.