აშშ–ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მებრძოლების წინააღმდეგ ახალი, ბევრად უფრო გართულებული ფრონტი იხსნება.
“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამერიკა სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ თავის პარტნიორებთან ერთად ახორციელებს სამხედრო ძალისხმევას ბომბდამშენის, რაკეტა ტომაჰოვკისა და სახმელეთო თავდასხმის რაკეტების გამოყენებით,” – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, კონტრადმირალმა ჯონ კირბიმ.
“იმის გათვალისწინებით, რომ ეს ოპერაცია ახლა მიმდინარეობს, დამატებით დეტალებს ვერ მოგაწოდებთ,”– თქვა მან.
როიტერის ინფორმაციით, კიდევ ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპერაციაში ჩართულია საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, იორდანია და ბაჰრეინი, თუმცა სამხედრო მოქმედებებში მათი ზუსტი როლი ბუნდოვანია. მისივე თქმით, ყატარმაც შეუწყო ხელი საჰაერო თავდასხმებს.
ერთ–ერთი სამიზნე სირიის არმოსავლეთში მდებარე ქალაქი რაქაა, სადაც ისლამისტური სახელმწიფოს შტაბი მდებარეობს. სუნიტმა ექსტრემისტებმა მიიტაცეს ერაყისა და სირიის ვრცელი ტერიტორიები და ახლო აღმოსავლეთში ხალიფატის შექმნა გამოაცხადეს.
ალ ჯაზირას ცნობით, ქალაქ რაქასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე შეტევების შედეგად ისლამისტი სახელმწიფოს ათობით მებრძოლი დაიღუპა ან დაიჭრა.