ახალი ამბები

ოჯახში დანაშაული და ქალებზე ძალადობა კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა – საიას ახალი კვლევა

28 მარტი, 2019 • 2879
ოჯახში დანაშაული და ქალებზე ძალადობა კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა – საიას ახალი კვლევა

დღეს, 28 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აქტუალურ საკითხებზე ახალი კვლევა წარადგინა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ოჯახში ძალადობის, ოჯახში დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის და მასზე სათანადო რეაგირების მიზნით, სახელმწიფო წლების განმავლობაში დგამს გარკვეულ ნაბიჯებს, როგორიცაა:

2006 წელს – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების შესახებ კანონის შემუშავება; 2012 წელს – ოჯახში დანაშაულისა და ოჯახში ჩადენილი დანაშაულის კრიმინალიზაცია; 2014 წელს – ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციის ხელმოწერა, 2017 წლის აპრილში კი – მისი რატიფიცირება, შესაბამისად, სხვადასხვა ნორმატიულ აქტში ცვლილებების განხორციელება და აქტების ქალთა ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებთან ადაპტირება; 2018 წელს – შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნა.

მიუხედავად ამისა, როგორც საია ასკვნის, დღესდღეობით ოჯახში ძალადობის, ოჯახში დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას და აღნიშნული დანაშაულების პრევენციისა თუ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირების კუთხით ქვეყანა ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევების წინაშეა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინამდებარე კვლევა ცხადყოფს, რომ ოჯახში ძალადობა, ოჯახში დანაშაული და ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, ოჯახში ძალადობას ხშირად ახასიათებს განმეორებითობა:

“ხშირად მსხვერპლები სამართალდამცავ უწყებებს დაგვიანებით მიმართავენ, ზოგჯერ კი, ჩვენებას ცვლიან ან/და საერთოდ უარს ამბობენ ჩვენების მიცემაზე. არის ფაქტები, როდესაც სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი აქვს დაგვიანებულ ან/და არასათანადო რეაგირებას. გარკვეულ შემთხვევებში არაეფექტიანია ასევე სასამართლოს მუშაობა ოჯახში ძალადობის საქმეებთან მიმართებით. კერძოდ, როდესაც სასამართლო ბრალდებულს ჩადენილი ქმედებისთვის არასათანადო აღკვეთის ღონისძიებას, შემდეგ კი, არასათანადო სასჯელს აკისრებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი თავს დაცულად ვერ გრძნობს. სახელმწიფო მოძალადეებს ვერ სთავაზობს ძალადობრივი ქცევის გამოსწორების ან/და მართვის სერვისებს და ა.შ.”

კვლევის მიხედვით, ასევე, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მოსამართლეთა ცალკეულ ნაწილში დაბალი მგრძნობელობა და გენდერული თანასწორობის საკითხების არასაკმარისი ცოდნა. საიას კვლევის მიხედვით, კვლავ გამოწვევად რჩება მსგავსი ტიპის ძალადობის იდენტიფიცირება და მასზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაც.

საიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგას მნიშვნელოვანი კომპლექსური ნაბიჯები, როგორც საგანმანათლებლო, ისე პრევენციული და კონკრეტულ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების კუთხით.

ოჯახში დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის გენდერულ ასპექტებთან დაკავშირებული მიგნებები

  • ძალადობის მსხვერპლებთან ინტერვიუმ აჩვენა, რომ ძალადობის გამომწვევი მიზეზი ხშირად არის მოძალადეთა მხრიდან მსხვერპლის ქცევის კონტროლის სურვილი, მოძალადეების ნებასთან შეუსაბამო მოქმედება და ოჯახში არსებული დაქვემდებარებული და სტერეოტიპული როლები;
  • მსხვერპლები ძალადობის ძირითად მაპროვოცირებელ გარემოებად მიიჩნევენ მოძალადეზე მატერიალურად დამოკიდებულებას, საზოგადოების მხრიდან მორალური მხარდაჭერის არარსებობას, ტრადიციულ და სტერეოტიპულ მიდგომებს და ოჯახის საქმეებში ნათესავების ჩარევას;
  • ინტერვიუებმა, განაჩენებისა და საქმეების ანალიზმა ცხადყო, რომ უმრავლეს შემთხვევაში მოძალადე მამაკაცია, ხოლო მსხვერპლი – ქალი. ძალადობა ძირითადად ხდება მეუღლეებს/პარტნიორებს შორის;
  • კვლევის ფარგლებში მსხვერპლების ადვოკატებთან ჩატარებულმა ინტერვიუებმა და შესწავლილმა განაჩენებმა ცხადყო, რომ დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთა პრობლემური საკითხია. 2017 წლის პერიოდში შესწავლილი 102 გადაწყვეტილებიდან პროკურატურის მხრიდან მხოლოდ 2 (2%) შემთხვევაში იყო გამოკვეთილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივი. რაც შეეხება 2018 წელს, შესწავლილი 131 გადაწყვეტილებიდან 3 (2%) შემთხვევაში მოხდა დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთა ბრალდების მხარის მიერ;
  • სასამართლო განაჩენების ანალიზმა გამოავლინა, რომ სასამართლომ არცერთ შემთხვევაში არ გაიზიარა პროკურორის არგუმენტაცია დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა არ გამოყენებულა.

ძალადობაზე პირველად რეაგირებასთან დაკავშირებული მიგნებები

  • ინტერვიუებმა აჩვენა, რომ მსხვერპლები მოძალადეებთან თანაცხოვრების განმავლობაში ნაკლებად მიმართავენ სამართალდამცავ უწყებებს. ასევე, მიმართვა, როგორც წესი, ხდება არა პირველივე, არამედ მხოლოდ სისტემატური და ინტენსიური ძალადობის შემდგომ;
  • საიას წარმოებაში არსებული საქმეების შესწავლამ აჩვენა, რომ შემაკავებელ ორდერს სამართალდამცველები, უმეტესწილად, გამოსცემენ, თუმცა იკვეთება შემთხვევები, როდესაც ორდერი არ გამოიცა ან გამოიცა არასწორად – არა მსხვერპლის დაცვის მიზნით, არამედ მის საწინააღმდეგოდ;
  • როგორც საიას წარმოებაში არსებული საქმეების, ისე მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილი სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზმა აჩვენა, დამცავ ორდერებში მხოლოდ ზოგადი მითითებაა ძალადობის შესახებ და არ არის აღნიშნული მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რაც ხელს უშლის როგორც ძალადობრივი წინარე ისტორიის შესწავლას, ისე ძალადობის რისკის სათანადოდ შეფასებას;
  • საიას წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის მიხედვით, როდესაც ოჯახის კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე აცხადებს, რომ დაექვემდებარა ძალადობას, იკვეთება პოლიციის მხრიდან მსხვერპლის იდენტიფიცირების პრობლემა. მსგავს შემთხვევებში შემაკავებელი ორდერი გამოიცემოდა როგორც მოძალადის, ისე მსხვერპლის მიმართ, რაც მიუთითებს პოლიციის მიერ მოძალადისა და მსხვერპლის გარჩევის სირთულეზე;
  • ინტერვიუებმა ცხადყო, რომ შემაკავებელი და დამცავი ორდერების მონიტორინგის მიზნით, არ ტარდებოდა პროაქტიული ღონისძიებები სამართალდამცავთა მხრიდან. ორდერის პირობების დარღვევის გამოვლენა უმეტესად მსხვერპლის ინიციატივაზე იყო დამოკიდებული. მართალია, 2018 წლიდან შსს-ში დაინერგა ორდერების მონიტორინგის მექანიზმი, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნულის თაობაზე საიას ინფორმაცია არ მიეწოდა. სასამართლოებიდან გამოთხოვნილი გადაწყვეტილებების (დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ) ანალიზის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ხშირია განმეორებითი ძალადობა შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ვადის გასვლის შემდეგ;
  • მსხვერპლებთან, შსს-ს წარმომადგენლებსა და მოსამართლეებთან ჩატარებული ინტერვიუები აჩვენებს, რომ ძალადობის შემსწრე ბავშვებს არ აქვთ მსხვერპლის სტატუსი და მათ მიმართ არ გამოიყენება დამცავი მექანიზმები. განსხვავებული ვითარებაა მაშინ, როდესაც არასრულწლოვანი შვილები თავად არიან ძალადობის პირდაპირი მსხვერპლები. ასეთ დროს, როგორც წესი, მათ მიმართაც მოქმედებს დამცავი მექანიზმები;
  • ინტერვიუებმა და გამოთხოვნილმა საჯარო ინფორმაციამ ცხადყო, რომ გამოწვევაა ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრით ეფექტიანად სარგებლობა. რიგ შემთხვევაში მსხვერპლებს უწევთ სხვა ქალაქში წასვლა თავშესაფრის მისაღებად, რადგანაც კონკრეტულ ქალაქში არ არის თავისუფალი ადგილი. ცალკეულ შემთხვევებში მსხვერპლთათვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, თუნდაც დროებით, სამსახურის ან/და არასრულწლოვანი შვილების გამო შეუძლებელია;
  • პრობლემას წარმოადგენს, დამცავი ორდერის საფუძველზე, მოძალადეებისთვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სასწავლო კურსის გავლის დავალდებულება სარეაბილიტაციო ცენტრების ან/და მსგავსი სერვისის არარსებობის გამო.

სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული მიგნებები

  • განაჩენების ანალიზმა ცხადყო, რომ ოჯახში დანაშაულების ჩადენისას, ძირითადად, განაჩენი დგება ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე. დადებითად აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე რეაგირების სტატისტიკა, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება მსგავსი ტიპის ძალადობის იდენტიფიცირება და მასზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება;
  • შსს-ს წარმომადგენლებთან ინტერვიუებმა გამოავლინა, რომ კვლავ პრობლემად რჩება სამართალდამცავი უწყების მხრიდან ეფექტიანი რეაგირება, როდესაც მსხვერპლი თავს იკავებს ძალადობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისგან ან/და აქვს გამოძიების დაწყებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება;
  • სასამართლო განჩინებების შესწავლამ აჩვენა, რომ ბრალდების მხარე ძირითადად ითხოვს აღკვეთის ღონისძიების მკაცრი სახის გამოყენებას. კერძოდ, 131 საქმიდან ბრალდების მხარემ პატიმრობის გამოყენება მოითხოვა 115 (88%) შემთხვევაში, დანარჩენ 16 (12%) შემთხვევაში კი – გირაო. მიუხედავად ამისა, პროკურატურის შუამდგომლობების გარკვეული ნაწილი (131-დან 27 (21%)) იყო მხოლოდ ფორმალურად და შაბლონურად დასაბუთებული და არ იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებებით გამყარებული;
  • სასამართლო განჩინებების შესწავლამ აჩვენა, რომ 2018 წელს კიდევ უფრო გამკაცრდა პროკურატურის პოლიტიკა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის ნაწილში. კერძოდ, 2017 წელს შესწავლილი 54 განჩინებიდან 12 (22%) შემთხვევაში მოითხოვა პროკურატურამ გირაო, ხოლო 2018 წელს – 77 საქმიდან მხოლოდ 4 (5%) შემთხვევაში;
  • საიას წარმოებაში არსებულ საქმეთა უმრავლესობაში პროკურატურის მხრიდან მოხდა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება, რაც გამოიხატა ბრალის წაყენებაში, თუმცა, საქმეთა ნაწილზე, გონივრული ვადის გასვლის მიუხედავად, არ დგება კონკრეტული შედეგი;
  • სასამართლო განაჩენების ანალიზმა ცხადყო, რომ მიუხედავად ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებული მკაცრი პოლიტიკისა, სსკ-ის 11-1 (140) მუხლით ბრალდებულ ყველა პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება შეღავათიანი პირობებით.

სასამართლოს მიდგომებთან დაკავშირებული მიგნებები:

  • სასამართლო უმეტეს შემთხვევაში აკმაყოფილებს მსხვერპლის განცხადებას დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, თუმცა მოსამართლეები ხშირად არ ასაბუთებენ დამცავი ორდერის მოქმედების ვადის განსაზღვრას. უმეტესად, გადაწყვეტილებიდან არ იკითხება, რატომ იყენებს მოსამართლე დამცავი ორდერის მოქმედების კონკრეტულ ვადას – იქნება ეს კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური თუ ნაკლები ვადა;
  • სასამართლო განჩინებების შესწავლამ აჩვენა, რომ მოსამართლეთა მხოლოდ მცირე ნაწილმა (36%) გამოიყენა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად მოძალადეების მიმართ დამატებითი ვალდებულებები, როგორიცაა მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვა, კომუნიკაციის შეზღუდვა და სხვა;
  • პროკურორებსა და მოსამართლეებთან ინტერვიუებმა, ასევე, სასამართლო განაჩენების გაანალიზებამ აჩვენა, რომ პრობლემაა სისხლის სამართლის სამართალწარმოების დროს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის შეცვლა ან/და ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რასაც ხშირად ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგომა მოსდევს;
  • ინტერვიუებმა ცხადყო, რომ მოსამართლეთა ცალკეულ ნაწილში დაბალი მგრძნობელობა და გენდერული თანასწორობის საკითხების არასაკმარისი ცოდნა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. აღნიშნული, მათ შორის, გამოიხატება მოსამართლეთა ნაწილის სტერეოტიპულ წარმოდგენებში ოჯახში მეუღლეთა როლებთან დაკავშირებით. მოსამართლეებთან ჩატარებულმა ინტერვიუებმა და განაჩენების ანალიზმა აჩვენა, რომ გამოკითხულ მოსამართლეთა სრული უმრავლესობა საქმეებში ვერ ხედავს გენდერულ მოტივს და მიუთითებს, რომ ძალადობა ძირითადად ყოფითი საკითხებიდან გამომდინარე ხდება;
  • სასამართლო განჩინებების ანალიზმა ცხადყო, რომ ოჯახში ძალადობის და ოჯახში დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელი ან/და არასაკმარისად დასაბუთებულია 131-დან 43 (33%) განჩინება. განჩინებებში არ იკითხება სასამართლოს მოტივაცია აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის გამოყენებასთან დაკავშირებით; ასევე, დაუსაბუთებელია განჩინებები გირაოს შეფარდების თაობაზე, როდესაც სასამართლოს არ აქვს შესწავლილი ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობა;
  • სასამართლოს განაჩენების ანალიზმა აჩვენა, რომ არ ხდება სასჯელის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების თაობაზე სრულყოფილი მსჯელობა. შესწავლილი 233 განაჩენიდან 30 საქმეზე ქმედება სსკ-ის მე-11-1 მუხლით (პასუხისმგებლობა ოჯახის დანაშაულისთვის) იყო დაკვალიფიცირებული, თუმცა სასამართლომ მხოლოდ ერთ მათგანზე გამოიყენა სსკ-ის 53-1-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოება – დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ;
  • სასამართლო განჩინებების შესწავლამ აჩვენა, რომ 2018 წელს კიდევ უფრო გამკაცრდა პროკურატურის პოლიტიკა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის ნაწილში. კერძოდ, 2017 წელს შესწავლილი 54 განჩინებიდან 12 (22%) შემთხვევაში მოითხოვა პროკურატურამ გირაო, ხოლო 2018 წელს – 77 საქმიდან მხოლოდ 4 (5%) შემთხვევაში;
  • საიას წარმოებაში არსებულ საქმეთა უმრავლესობაში პროკურატურის მხრიდან მოხდა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება, რაც გამოიხატა ბრალის წაყენებაში, თუმცა საქმეთა ნაწილზე, გონივრული ვადის გასვლის მიუხედავად, არ დგება კონკრეტული შედეგი;
  • სასამართლო განაჩენების ანალიზმა ცხადყო, რომ მიუხედავად ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებული მკაცრი პოლიტიკისა, სსკ-ის 11-1 (140) მუხლით ბრალდებულ ყველა პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება შეღავათიანი პირობებით.
  • საიას წარმოებაში არსებულ საქმეთა უმრავლესობაში პროკურატურის მხრიდან მოხდა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება, რაც გამოიხატა ბრალის წაყენებაში, თუმცა საქმეთა ნაწილზე, გონივრული ვადის გასვლის მიუხედავად, არ დგება კონკრეტული შედეგი;
  • სასამართლო განაჩენების ანალიზმა ცხადყო, რომ მიუხედავად ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებული მკაცრი პოლიტიკისა, სსკ-ის 11-1 (140) მუხლით ბრალდებულ ყველა პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება შეღავათიანი პირობებით.

 

[blue_box]სრული დოკუმენტი[/blue_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი