ახალი ამბები

ნატოსთან თანამშრომლობა რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად არის მიმართული – პრემიერი

28 მარტი, 2019 • 856
ნატოსთან თანამშრომლობა რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად არის მიმართული – პრემიერი

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-საქართველოს სწავლება 2019-ის საჩვენებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწავლების საქართველოში ჩატარება არის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი მკაფიო დასტური.

“სწორედ ასეთ დროს ნატოს გენერალური მდივნის, ბატონი სტოლტენბერგის სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში საქართველოსადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. საქართველო სრულად აცნობიერებს თანამედროვე უსაფრთხოების გარემოს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იზიარებს პასუხისმგებლობას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მოგეხსენებათ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) უნიკალური ინიციატივების ერთობლიობაა, რომლის წარმატებულად განხორციელება ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების მნიშვნელოვან ზრდას, განვითარებას და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას და ალიანსის წევრობისთვის მომზადებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში წლევანდელი სწავლების ჩატარება ნიშნავს  უფრო მეტ საქართველოს ნატოში და უფრო მეტ ნატოს საქართველოში.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს პარტნიორი არაწევრი  ქვეყანა – საქართველო ატარებს სწორედ ამ სწავლებას. საქართველოში მრავალეროვანი სწავლების ჩატარება, რომელშიც 24 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალიანსი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში. ეს არის ნატოს პირველი მრავალეროვანი  სწავლება, რომელსაც თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობს საქართველო. მე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ნდობისთვის“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ

მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ მრავალეროვანი სწავლება საქართველოში ტარდება, ნიშნავს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, შეკავების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის კიდევ უფრო გაზრდას.

„ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებები ძალიან კარგი საშუალებაა როგორც საქართველოს, ისე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისთვის სხვადასხვა სცენარის დროს ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედების დახვეწისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ ეფექტიანობას. ეს ფორმატი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენმა სამხედროებმა, მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად, ნატოს პროცედურების შესაბამისად, კიდევ უფრო აიმაღლონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო უსაფრთხოების მომხმარებლიდან დღეს უკვე გადაიქცა უსაფრთხოების მიმწოდებელ სახელმწიფოდ და, როგორც ყოველთვის, მიისწრაფვის მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ.

„ჩვენი ქვეყანა ერთგულია თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების საერთო ღირებულებებისადმი, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. საქართველომ ეს ყოველივე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით კიდევ ერთხელ დაადასტურა.  ამიტომაც საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ნატო-საქართველოს სწავლება 2019-ის მიმდინარეობას პრემიერ-მინისტრი დღეს პრეზიდენტთან და ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის“ მეთაურის მოადგილე ადმირალ მანფრედ ნილსონთან ერთად გაეცნო. “ნატო-საქართველოს სწავლება 2019”-ის  ორგანიზატორების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები კრიზისის საპასუხო ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად აუმჯობესებენ.

სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში, რომელსაც  JTEC 18-29 მარტს მასპინძლობს, 350-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი მონაწილეობს.

“ნატო-საქართველოს სწავლება 2019″ პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობით, რომელიც საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად”, – აცხადებენ სწავლების ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი