ახალი ამბები

ტერეზა მეი პირობას დებს, რომ გადადგება, თუ ბრექსიტის მის გეგმას მხარს დაუჭერენ

28 მარტი, 2019 • 1590
ტერეზა მეი პირობას დებს, რომ გადადგება, თუ ბრექსიტის მის გეგმას მხარს დაუჭერენ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი პირობას დებს, რომ თანამდებობიდან გადადგება, თუკი პარლამენტარები კონსერვატიული პარტიიდან ბრექსიტის მისეულ გეგმას მხარს დაუჭერენ.

მეიმ განაცხადა, რომ იცის, პარლამენტარებს კონსერვატიული პარტიიდან არ სურთ, მან უხელმძღვანელოს ბრექსიტის მოლაპარაკებების შემდეგ ფაზას, ამიტომაც მათ წინააღმდეგ არ წავა და გადადგება.

მეის ამ განცხადების შემდეგ ევროსკეპტიკოსების ნაწილმა, მათ შორის პარლამენტარმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრის გეგმას.

როგორც Guardian წყაროზე დაყრდნობით წერს, ტერეზა მეი გეგმავს, 22 მაისს გამოაცხადოს გადადგომის შესახებ და უკვე ივლისისთვის ბრიტანეთს ახალი პრემიერი ეყოლება.

პრემიერობის მსურველები, გამოცემის ცნობითვე, იქნებიან ბორის ჯონსონი, ჯერემი ჰანტი, დომინიკი რააბი და მაიკლ გოვი.

ოპოზიციის ლიდერმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ მეის გადადგომის შემთხვევაში, საჭიროა, საყოველთაო არჩევნები გაიმართოს პრემიერის ასარჩევად და კონსერვატიულმა პარტიამ არ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ იქნება ქვეყნის შემდეგი ლიდერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი