ახალი ამბები

“მადლობა ამ სიყვარულისთვის!” – აფხაზავას მოსწავლეებმა სკოლაში ვარსკვლავი გაუხსნეს

27 მარტი, 2019 • 1823
“მადლობა ამ სიყვარულისთვის!” – აფხაზავას მოსწავლეებმა სკოლაში ვარსკვლავი გაუხსნეს

ლადო აფხაზავა ჩიბათის სკოლაში დაბრუნდა, სადაც მას მოსწავლეები ზეიმითა და შეძახილებით დახვდნენ. სკოლამ აფხაზავას სიმბოლურად ვარსკვლავიც გაუხსნა.

“მე როდესაც მოვდიოდი დუბაიდან, თითოეული მოსწავლე მელანდებოდა, ჩემი კოლეგები მელანდებოდნენ.. ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. ყველაზე დიდი ბედნიერება და ყველაზე დიდი მილიონი მე დავიმსახურე ქართველი ხალხისგან. უამრავი წერილი და საჩუქარი მომდის, რომელიც ძალიან დიდი სითბოთი და სიყვარულითაა გაჯერებული.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი სკოლიდან ყველას – მადლობა ამ სიყვარულისთვის!,” – თქვა ლადო აფხაზავამ ვიდეოში, რომელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

21 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ  ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან,  მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ ათ ფინალისტს შორის იყო. დაჯილდოების ცერემონია 24 მარტს დუბაიში გაიმართა.

21 მარტს კი ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს გასცემს.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული კენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი გახდა. თუმცა აფხაზავა მიიჩნევს, რომ ის უკვე გამარჯვებულია.

“უღრმესი მადლობა, ჩემო გულშემატკივრებო, ეს დღეები ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობდი თქვენგან. ყველა თქვენგანის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ საზოგადოებისთვის”, — წერს ლადო აფხაზავა.

პიტერ ტაბიჩი – გაიცანით, გლობალური ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი კენიიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი