ახალი ამბები

მდინარაძემ ჩემზე მომზადებული “მესიჯი” შეცდომით მე გამომიგზავნა – ბესელია

26 მარტი, 2019 • 2745
მდინარაძემ ჩემზე მომზადებული “მესიჯი” შეცდომით მე გამომიგზავნა – ბესელია

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შემუშავებული მესიჯბოქსი შეცდომით თავად ბესელიას გაუგზავნა.

ამის შესახებ ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში, “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” განაცხადა.

“მე რომ არ მეხებოდეს, არ მჩვევია ხოლმე მესიჯების გახმოვანება. მაგრამ მე მეხება და ამიტომ გეტყვით. თქვენთან ჩართვის წინ  მამუკა მდინარაძემ, რომელიც, როგორც ჩანს, რამდენიმე ადამიანს ჩემთან დაკავშირებით უგზავნიდა მესიჯს, რომელიც მომზადდა იქ, სადაც მზადდება ხოლმე მესიჯები, ჩემს  WhatsApp-ში გამოაგზავნა. ეწერა ეკა ბესელია და იწყებოდა ლანძღვა-გინება, რა უნდა ილაპარაკონ ეკა ბესელიაზე. რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ ჩემთან შეცდომით გამოაგზავნა. ჩემთან დაკავშირებით შემუშავდა მესიჯი, დამწკრივდნენ ეს უმწიფარი ბიჭები და დილიდან აკეთებენ ამ სამარცხვინო კომენტარებს”, – განაცხადა ბესელიამ.

მამუკა მდინარაძემ იმავე ეთერში დაადასტურა, რომ ბესელიას მართლაც გაუგზავნა შეტყობინება შეცდომით, თუმცა თქვა, რომ ეს ეკა ბესელიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების მიერ გასახმოვანებელი “მესიჯბოქსი” არ ყოფილა.

„დიახ, იყო ასეთი ფაქტი. ხშირად დამმართნია მეც და, ალბათ, თქვენც, როცა შეცდომით მესიჯი გადაგიგზავნია.  ნინო წილოსანმა მკითხა, რა პოზიციები იყო დღეს, რა მესიჯები გახმოვანდა. ჩამოყრილი მქონდა და ვუთხარი, ახლავე ჩაგიგდებ-მეთქი. წინ ვეჯექი, მის ოთახში. ბესელიაზე ბევრს ვფიქრობ და შეცდომით, ეტყობა, გადავუგზავნე [ეს] მესიჯი”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამის შემდეგ ეკა ბესელიასთან მიმოწერა გააგრძელა, თუმცა ბოდიში არ მოუხდია.

“ის მესიჯი წავშალე იმიტომ, რომ მისთვის არ იყო განკუთვნილი. ეს იყო დღევანდელი პოზიციები, რაც გახმოვანდა მას შემდეგ და არა მანამდე”, – განაცხადა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი