ახალი ამბები

ღონისძიებაზე, სადაც მაღალჩინოსნები არ მივიდნენ, მათი ფოტოები გამოფინეს

26 მარტი, 2019 • 1598
ღონისძიებაზე, სადაც მაღალჩინოსნები არ მივიდნენ, მათი ფოტოები გამოფინეს

“ზიანის შემცირების თემა გადაწყვეტილების მიმღებებისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. ზიანის შემცირების აქტივისტების გადაწყვეტილებით, მათი გამოსახულებები ესწრებიან კონფერენციას. იმედი გვაქვს, მომავალში გვექნება მათთან შეხვედრის და მნიშვნელოვანი კითხვების დასმის საშუალება”, – ამ განცხადებას ზიანის შემცირების ეროვნული ქსელი აქვეყნებს.

ფოტო, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლები არიან აღბეჭდილი, გადაღებულია დღეს, 26 მარტს, თბილისში, სადაც ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია იმართება. ღონისძიებას ესწრება 150-ზე მეტ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი, პოლიტიკოსი, მკვლევარი, სტუდენტი, თემის წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული ადამიანი. კონფერენციის მონაწილეები  ნარკოპოლიტიკასა და ზიანის შემცირების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელებენ.

“ზიანის შემცირება არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაწილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერვენციების კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას. ზიანის შემცირების სერვისებს ასევე დადებითი გავლენა აქვს მთელი საზოგადოების ჯანმრთელობაზე და მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორებიცაა აივ ინფექცია და C ჰეპატიტი”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათივე თქმით, ზიანის შემცირების პროგრამების განვითარება პოლიტიკურ ნებასთანაა დაკავშირებული. ასევე, “საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა რეპრესიულია და ზღუდავს ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირების მომსახურებებზე, წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემურ ინსტრუმენტს.”

ზიანის შემცირების ქსელის ცნობით, ამ დრომდე ნარკომომხარებელთა საჭიროებებისთვის საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია “გლობალური ფონდი” ზრუნავდა, თუმცა მალე მისი დაფინანსება საქართველოს შეუწყდება, სახელმწიფო კი არ იზიარებს ვალდებულებას ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანებისათვის ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

კონფერენციის ორგანიზატორების თქმით, ისინი კრიმინალიზებული, რეპრესირებული და დავიწყებული ადამიანების ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებზე თანასწორი ხელმისაწვდომობისთვის იბრძვიან.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ღია საზოგადოების ფონდი და “მსოფლიო ექიმების (საფრანგეთი) წარმომადგენლობა საქართველოში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი