კაშიას მხარდასაჭერად სტადიონზე მისული ლგბტ აქტივისტები სტრასბურგში ჩივიან

ლგბტ ადამიანების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” იუწყება, რომ ლგბტ აქტივისტებმა ადამიანის უფლებთა ევროპულ სასამართლოს მიმართეს სექტემბერში “დინამოზე” ლგბტ სიმბოლიკის შეტანის ხელშეშლისთვის.

2018 წლის 9 სექტემბერს თბილისში, დინამო სტადიონზე გამართულ საფეხბურთო მატჩზე, ორგანიზაციის თანახმად, შსს-ს თანამშრომლებმა ლგბტ აქტივისტებს არ მისცეს უფლება, რომ ლგბტ სიმბოლიკა სტადიონზე შეეტანათ და ასე გამოეხატათ მადლიერება გურამ კაშიასთვის.

“გულშემატკივრებს მატჩზე არ შეატანინეს დროშები და პოსტერები, რომლებზეც ცისარტყელა იყო გამოსახული. ეს შეზღუდვა სამინისტრომ დაასაბუთა სტადიონზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნებით და დაეყრდნო პოლიციის შესახებ საქართველოს კანონს, რომელიც პოლიციას აძლევს უფლებას, დროებით შეუზღუდოს ადამიანს გადაადგილების თავისუფლება და ასევე დროებით ჩამოართვას რომელიმე ნივთის ფლობის უფლება, თუ ეს ნივთი წარმოადგენს მისი ან სხვა ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს”, — წერს ორგანიზაცია.

“თანასწორობის მოძრაობის” თანახმად, ევროსასამართლოში სარჩელი 2019 წლის 9 მარტს გაიგზავნა. საქმეს “თანასწორობის მოძრაობა” აწარმოებს. სასამართლოს 9 ლგბტ აქტივისტმა მიმართა. მათ მიაჩნიათ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გადააცილეს საკუთარ უფლებამოსილებას, რადგან დროშები და პოსტერები “ვერ იქნებოდა გამოყენებული სხვა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების იარაღად”.

“ნეტგაზეთის” რეპორტიორიც შეესწრო, როგორ უთხრა პოლიციამ გულშემატკივარს: “მხოლოდ საქართველოს დროშა, არანაირი ელგებეტე”. პოლიციამ თითქმის ყველას ჩამოართვა ქვიარი ადამიანების მხარდამჭერი სიმბოლიკა.

“იმ შემთხვევაში, თუ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების მხრიდან ადგილი ექნებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, პოლიციას ზომები უნდა მიეღო ამ ქმედებების აღსაკვეთად. პოლიცია წინასწარ გაფრთხილებული იყო, რაზეც მეტყველებს ის, რომ მე-9 სექტორში, სადაც გურამ კაშიას გულშემატკივრებიც იყვნენ კონცენტრირებული, საკმაოდ დიდი ოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული”, – წერს ორგანიზაცია.

მომჩივნები ედავებიან ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის მიმართ მე-14 მუხლის დარღვევას. მე-11 მუხლით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მე-14 მუხლით -დისკრიმინაციისგან თავისუფლება.

მომჩივნებს მიაჩნიათ, რომ “სახელმწიფომ უსაფუძვლოდ შეზღუდა ისინი და ეს გააკეთა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, ანუ დისკრიმინაციულად”.

“ადგილობრივ დონეზე პროკურატურამ უარი თქვა შსს-ს თანამშრომლების მიმართ გამოძიების დაწყებაზე, რადგან ვერ დაინახა დანაშაულის, ანუ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამაც ვერ დაინახა პოლიციელების ქმედებებში დისციპლინური გადაცდომები და განმარტა, რომ ისინი მოქმედებდნენ შსს-ს მაღალჩინოსნის ბრძანების და კანონის საფუძველზე. მომჩივნებმა საჩივრით პროკურატურის, გენინსპექციის, შსს-ს მინისტრის და შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის გარდა, მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველსაც, თუმცა- უშედეგოდ”, – წერია განცხადებაში

საქართველო-ლატვიას შორის მატჩი მას შემდეგ გაიამრთა, რაც უეფამ კაშიას გადასცა “თანასწორობის ჯილდო” ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ჩართვის გამო. კაშიამ კამპანიის ფარგლებში გაიკეთა სამკლაური ცისარტყელას ფერებში, რაც ქვიარ ადამიანების სიმბოლოა. ამას მოჰყვა ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების პროტესტი. სწორედ ამ პროტესტის საპირწონედ და მადლიერების გამოსახატავად მივიდნენ ლგბტ აქტივისტები კაშიას მხარდასაჭერად დინამოზე.

დინამოზე გულშემატკივრების ნაწილი ლგბტ სამკლაურებით არ შეუშვეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com