ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიების შესაძლო სტრატეგია 2020 წლისთვის

25 მარტი, 2019 • 1633
ოპოზიციური პარტიების შესაძლო სტრატეგია 2020 წლისთვის

რა სტრატეგია შეიძლება ჰქონდეთ ოპოზიციურ პარტიებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იმ შემთხვევაში, თუკი საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება და არჩევნები შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული წესით ჩატარდება?

[yellow_box]შესაძლო სტრატეგია[/yellow_box]

18 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, ირაკლი აბსანძის გადაცემა “კვირის ინტერვიუში” ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მოკლედ განმარტა ის შესაძლო სცენარი, რითაც ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შეიძლება იხელმძღვანელონ, თუკი იქამდე პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ მოხერხდება:

“თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ “ქართული ოცნება” გვიბიძგებს … რომ პარტიები ღირებულებების მიხედვით გადავლაგდეთ, გავაკეთოთ მსხვილი გაერთიანებები, როგორიც, ვთქვათ, თავისი გემოვნებით და ღირებულებებით აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”, და გავიდეთ ჩვენ-ჩვენი პარტიული ბლოკებით”, – ამბობს უგულავა.

შესაძლოა სწორედ ამ ლოგიკას მიჰყვებოდეს ის ფაქტი, რომ 21 მარტს “ევროპულმა საქართველომ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” უკვე დააანონსეს საარჩევნო ბლოკის შექმნა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნებისთვის, რომელიც 19 მაისსაა დანიშნული.

შესაბამისად, უგულავას ვარიანტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე 77 ადგილისთვის პროპორციულ სიებს, რომლებსაც ხალხი ქვეყნის მასშტაბით აძლევს ხმას, ღირებულებების მიხედვით გაერთიანებული ოპოზიციური საარჩევნო ბლოკები წარადგენენ.

ამის შემდეგ უგულავამ მოკლედ ახსნა, თუ როგორ შეიძლება მოქმედება მაჟორიტარულ ოლქებში: “73 ოლქი შეიძლება გადანაწილდეს სიძლიერის მიხედვით და იმ ოლქებში არ წავართვათ [ერთმანეთს ხმები], მოწინააღმდეგე კანდიდატები არ დავაყენოთ”.

რას მოიგებს ოპოზიცია ამ გეგმით?

როგორც ნეტგაზეთთან საუბარში პოლიტიკის კომენტატორი გია ნოდია ამბობს, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არჩევნები სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციას შორის ბრძოლად აღიქმება, არსებობს მოლოდინი, რომ ოპოზიციის შიგნით გარკვეული კოორდინაცია იყოს.

გია ნოდიას თანახმად, ეს შემდეგი ორი გზით შეიძლება მოხდეს:

  1. “შეიძლება, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პირველ ტურში ყველამ თავისი კანდიდატი დააყენოს — პირველი ტური იყოს ერთგვარი შიდა ოპოზიციური პრაიმერიზი, ხოლო მეორე ტურში ვინც გავა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მას დაუჭიროს მხარი”;
  2. “ოპოზიცია არჩევნებამდე შეთანხმდეს მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე, რითაც დემონსტრირებას მოახდენენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანდებიან, რამაც შეიძლება ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზაციას შეუწყოს ხელი”;

ნოდიას შეფასებით, როგორც ჩანს, სწორედ ეს ლოგიკა დგას უგულავას ნახსენები ტაქტიკის მიღმა.

გია ნოდია

ამასთან, გია ნოდიას შეფასებითვე, ასეთი შეთანხმება პარტიებისთვის ფინანსური და სხვა რესურსების ეფექტიანი მობილიზების თვალსაზრისითაც უფრო ხელსაყრელი იქნება:

“ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ბლოკმა [73 ოლქის ნაცვლად] რომ დაასახელოს მხოლოდ 10 ოლქში კანდიდატი, უფრო გასწვდება ფინანსურადაც და ადამიანური რესურსების თვალსაზრისითაც”, — განმარტავს ნოდია.

[yellow_box]შესაძლო სირთულე?[/yellow_box]

კობა თურმანიძე, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) ხელმძღვანელი კი, უფრო სკეპტიკურადაა ასეთი ინიციატივის მიმართ განწყობილი. ნეტგაზეთთან საუბარში იგი ამბობს, რომ რთული იქნება დიდ და პატარა პარტიებს შორის თანასწორად მოლაპარაკება: “როგორ უნდა დაარწმუნოს პატარა პარტიამ “ნაციონალური მოძრაობა”, რომ მის კანდიდატს კონკრეტულ ოლქში გასვლის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობისას”?

ამასთან, თურმანიძის თქმით, როდესაც მმართველი პარტია კანდიდატებად თავის აქტიურ წევრებს, — როგორც თავად უწოდებენ, “სახეებს” — დააყენებს, “იმ შემთხვევაში არავინ იცის, ოპოზიციის დაყენებული კანდიდატები ხმებს ერთმანეთს წაართმევენ თუ მმართველ პარტიას”. მისი შეფასებით, “ეს არის ემპირიული კითხვა, რომელსაც თეორიულად ვერ უპასუხებ”.

კობა თურმანიძე. ფოტო ფეისბუკის პირადი არქივიდან

შესაბამისად, მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის მსგავსი მოლაპარაკების წარმოება რთული იქნება “იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს როგორც რესურსების, ასევე მხარდამჭერების ძალიან დიდი განსხვავება მოთამაშეებს შორის”.

მისი თქმით, “ევროპული საქართველო” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ არიან თანაბარი წონის მოთამაშეები: “უფრო პატარას არ სურს აღიარება, რომ მეორე უფრო დიდია, დიდს კი იმის აღიარება არ უნდა, რომ მეორე საერთოდ არსებობს. თეორიულად კი არ არის გამორიცხული [მათი ისეთი კოლაბორაცია, როგორზეც უგულავა საუბრობს], უბრალოდ პრაქტიკაში შეიძლება გაჭირდეს ამბიციების გამო”, — ფიქრობს კობა თურმანიძე.

 

[red_box]“ჯერ ადრეა”[/red_box]

ნეტგაზეთი დაინტერესდა, მართავენ თუ არა პარტიები კონსულტაციებს ზემოთ განხილულ საკითხზე და გადაწყვეტილია თუ არა არჩევნების ზემოთ აღწერილი გეგმით წარმართვა, თუ მმართველი გუნდი მაჟორიტარულ სისტემას არ გააუქმებს.. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობენ, რომ მსგავს გეგმაზე საუბარი ამ ეტაპზე ადრეა. ამჟამად პარტიების უპირველესი ამოცანა 2020 წლისთვისვე პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა.

20-ზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება 2020 წლისთვის არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით.

ინიციატივას საქართველოში მოქმედი აქტიური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა მხარს უჭერს — ისინიც კი, ვინც საინიციატივო ჯგუფს არ შეერთებიან, მათ შორის “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და “გირჩი”. “ქართული ოცნება” კი აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, სისტემა მხოლოდ 2024 წელს შეიცვლება.

[შერეულ და პროპორციული სისტემებისა და ოპოზიციის გეგმების, ასევე “ქართული ოცნების” პოზიციის შესახებ წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: ყველა ოცნების წინააღმდეგ — პროპორციული სისტემისთვის]

ხატია დეკანოიძის თანახმად, პარტიებს შორის “აუცილებლად გაგრძელდება თანამშრომლობა ამ საერთო პლატფორმის გარშემო, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვან საკითხებზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქართველოში დემოკრატია … და როგორ შევქმნათ სამართლიანი საარჩევნო გარემო”.

ხათუნა სამნიძის თქმით, პარტიებს შორის მოლაპარაკებების, კონსულტაციებისა და კოორდინაციის მთლიანი პროცესი აჩვენებს, თუ როგორი იქნება საარჩევნო კონფიგურაცია 2020 წლისთვის, და ამაზე საუბარი “ჯერ ძალიან ადრეა”.

“ახლა პირველადი ამოცანაა, რომ … პროპორციული სისტემის მოთხოვნამ გადაინაცვლოს საპარლამენტო დისკუსიებში”, — უთხრა მან ნეტგაზეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი