ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზს “აფსუას” დამცირების მიზნით ვეძახით – გოგა გოგუა

25 მარტი, 2019 • 5056
აფხაზს “აფსუას” დამცირების მიზნით ვეძახით – გოგა გოგუა

გოგა გოგუა, სტუდენტი, თბილისი


25 წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველომ თავის ორ რეგიონზე დე ფაქტო კონტროლი დაკარგა. მას შემდეგ ლამის ყოველდღიურობად იქცა ოცნება იქ დაბრუნებაზე. სახელმწიფო სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ რიგითი მოქალაქეები ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა დროს სხვადასხვა გეგმებსა თუ ღონისძიებებს გვთავაზობდნენ და გვთავაზობენ. პრობლემიდან გამოსავალი კი ჯერჯერობით არ სჩანს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრისას ხშირად ავიწყდებათ ან ყურადღებას არ აქცევენ ერთ პრობლემას, რომელიც  თავად ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს არის გაყოფილი საზოგადოება, რომლის წევრებიც კონფლიქტის შემდგომ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.

მეჩვენება, რომ ჩვენც სამშვიდობო ინიციატივებისა და სხვადასხვა პროექტების წარდგენის დროს ვმსჯელობთ უამრავ საკითხზე, მაგრამ არ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ მოხერხდება აფხაზების, ოსებისა და ქართველების ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრება.

ვინ არიან ჩვენს წარმოდგენაში ისინი ჩვენთვის? – “გვიან ფეოდალურ ეპოქაში ჩამოსახლებული ჩრდილოკავკასიელი მომთაბარეები, რომლებმაც ჩვენი მიწები მიისაკუთრეს, ჩვენი თანამემამულეები კი ან დახოცეს, ან საკუთარი სახლებიდან გამოყარეს”. მათაც დაახლოებით ანალოგიური წარმოდგენა აქვთ ჩვენზე.

ამ დროს კი, როცა მიდის მსჯელობა ომზე, ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსზე თუ საქართველოს მომავალი ტერიტორიული მოწყობის გეგმებზე, სამწუხაროდ, ცოტას ფიქრობენ, თუ როგორ იცხოვრებენ ერთად ხალხები, რომელთაც ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული შეხედულებები გააჩნიათ, ანდა ვიცით რაიმე ამ ხალხების შესახებ, გარდა იმისა, რომ კრიტიკულ მომენტში რუსულ პროპაგანდას აყვნენ და გვიღალატეს?

საერთოდ, ვფიქრობთ იმაზე, თუ რა წინაპირობები უძღოდა წინ ამ კონფლიქტებს, ან რა გადაიტანეს ამ კონფლიქტის დროს ან თუნდაც შემდგომ? ვიცით რაიმე მათ გასაჭირზე ან ტრაგედიებზე?

რამდენიმე თვის წინ, არჩევნების პერიოდში, შემთხვევით მოვკარი თვალი ერთ პოლიტიკურ რეკლამას. რეკლამა იმით იყო გამორჩეული, რომ აქ სიტყვა „აფსუა“ დამამცირებელ კონტექსტში იყო წარმოდგენილი.

რეკლამა, სავარაუდოდ, ბევრმა ნახა, მაგრამ შენიშვნა არავის გამოუთქვამს. ასეთ დროს, როცა ქვეყანაში ხალხის თვითდასახელება დამამცირებელ კონტექსტში შუქდება და ამაზე არავინ რეაგირებს, რამდენადაა ამ ხალხის ამ ქვეყანაში ინტეგრაცია შესაძლებელი?

ანუ მხოლოდ პოლიტიკური ცვლილებები არაა საჭირო. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა, მენტალური ცვლილებებიც. საქართველომ უნდა შეძლოს აფხაზების, ოსების და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ყველა ადამიანის შეხედულებების მიღება და არა მათი უარყოფა.

სხვა შემთხვევაში ვერანაირი მშვიდობის მშენებლობის პროცესი წინ ვერ წავა, რადგან ის საბოლოოდ შეეჯახება რადიკალურად დაპირისპირებულ საზოგადოებებს, რომლებიც ერთმანეთში მხოლოდ მტრებსა და მოღალატეებს ან მტრის პროპაგანდას აყოლილებს ხედავენ. ასეთ საზოგადოებებს კი საერთო ენის გამონახვა, უბრალოდ, არ შეუძლიათ.

გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი