ბრალდების მხარემ მოწმის სახით 5 პირი: კობა გვალია, ზურაბ დუმბაძე, ვახტანგ ზაქარეიშვილი, დავით დევდარიანი, ზვიად თამაზაშვილი, დაკითხეს.
მოწმეებმა აღნიშნეს, რომ 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავ აქციაზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე უნდა ჩატარებულიყო, კონტრაქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.
კობა გვალიას თქმით, რომელიც ეროვნულ მუზეუმთან განთავსებულ ბარიკადებთან იდგა, აღნიშნა, რომ კონტრაქციის მონაწილეები იჩენდნენ აგრესიულობას, ისმოდა გინების ხმა. ხოლო 1 საათისთვის მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და აქციის ჩატარებას ხელი შეუშალეს.
კობა გვალიამ, ისევე როგორც ზურაბ დუმბაძემ, განაცხადა, რომ მოგვიანებით მიიღო დავალება, ვაჩნაძის ქუჩაზე ჩასულიყო, რადგან იქ საჭირო იყო კონტრაქციის მონაწილეებისგან დაეცვათ მიკროავტობუსი, რომელშიც ჰომოფობიის საწინააღდმეგო აქციის მონაწილეები იყვნენ.
ვახტანგ ზაქარეიშვილის ჩვენების მიხედვით, მას გადაკეტილი ჰქონდა ლესელიძის ქუჩა თავისუფლების მოედნის მხრიდან და მხოლოდ მაშინ გახსნა მოძრაობა, როცა ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცის მონაწილეები ავტობუსით გადაჰყავდათ.
ვახტანგ ზაქარეიშვილის თქმით, ერთ-ერთ ავტობუსს, რომელსაც ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები უნდა გაერიდებინა, შეექმნა პრობლემა. ავტობუსს კონტრაქციის მონაწილეებმა ალყა შემოარტყეს. მისი თქმით, კონტრაქციის მონაწილეები ურტყამდნენ ხელს, ისროდნენ ნივთებს.
ზვიად თამაზაშვლმა, რომელიც 17 მაისს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, საკუთარი მანქანით იყო მისული აქციაზე. მან პირადი ავტომობილი ვაჩნაძის ქუჩაზე გააჩერა, რომელიც შუადღისას, ვაჩნაძის ქუჩაზე სამარშრუტო ხაზის მიკროავტობუსზე თავდასხმის დროს დაზიანდა კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან.
პროკურორის კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამოიცნოს რომელიმე პიროვნება, რომელიც ძალადობდა ან იგინებოდა, დაცვის მხარის ყველა მოწმემ განაცხადა, რომ ვაჩნაძის ქუჩასა და თავისუფლების მოედანზე იყო ხალხმრავლობა და დაძაბულობა, რის გამოც მათ ვერ დაიმახსოვრეს, კონკრეტულად რომელი პიროვნება გამოირჩეოდა აგრესიულობით.
დაცვის მხარის ადვოკატმა გიორგი ტაბლიაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მოწმეებმა სასამართლოს მისცეს ჩვენება, რომელიც შეიცავდა ზოგად ინფორმაციას, რამაც არსებითი გავლენა ვერ მოახდინა სასამართლო დავის მიმდინარეობაზე.
ადვოკატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მოწმეებმა ვერ დაასახელეს ვერც ერთი კონკრეტული პიროვნება, რომელმაც 17 მაისს დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა.
პროკურორმა სასამართლო განცხადების გარეშე დატოვა.
მოსამართლე დავით მგელიაშვილმა შემდეგი პროცესი 23 სექტემბერს, 4 საათზე დანიშნა, რომელზეც კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებას მოუსმენენ.
საქმეში ბრალდებულები არიან სასულიერო პირი იოთამ (ირაკლი) ბასილაია და მოქალაქეები ბექა სალუქვაძე, ტიტალ დავრიშიანი და გიორგი ბასილაშვილი. მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 161–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას გულისხმობს ძალადობით.